წყალმომარაგების სანიტარული ზონის დარღვევის შედეგად სოფელ დიღომში 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა.
როგორც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, ფოლადის მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთი, რომელიც სოფელ დიღომში გადის, ქვის საამქროს მიმდებარედ, ბეტონის საფარქვეშაა მოყოლილი და წლებია, არასათანადო დატვირთვის ქვეშ ფუნქციონირებს, რამაც მილის დეფორმაცია და, საბოლოო ჯამში, დაზიანება გამოიწვია.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალსადენის 1200 მმ-იან მაგისტრალზე გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას დღეს, საღამოს 7 საათიდან შეუდგება და ხვალ დილის 8 საათზე დაასრულებს. შესაბამისად, დღეს, 19:00 საათიდან ხვალ, 13 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
- დიღომი-8-ს, ბელიაშვილისა და ლუბლიანას ქუჩების ნაწილს, ჟვანიას კლინიკის ტერიტორიას, აშშ-ის საელჩოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ქუჩებს, ასევე მთაწმინდის რაიონის ქუჩების ნაწილს.
ღამის 12 საათიდან 13 იანვრის დილის 08:00 საათამდე კი წყლის მიწოდება შეუწყდება:
- ვაკისა და საბურთალოს რაიონების ქუჩების ნაწილს.
წყლის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 13 იანვრის დილის 8 საათიდან.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.