LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დილიდან თავს ზარი დამეცა! მშვიდად განისვენე, მეგობარო, რადიო 106, რომელიც შენ შექმენი ბნელეთის გასანათებლად, ნამდვილი ბრძოლა იყო… ბნელ 90-ანებში საუკეთესო სივრცე შექმნა თავისუფლებისთვის, გემოვნებიანი მუსიკისთვის და თვითგამოხატვისთვის“ – ზურა ჭელიძე გარდაიცვალა

1827
ზურა ჭელიძე

რადიო 106.4-ის დამფუძნებელი, ზურა ჭელიძე გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზურა ჭელიძის მეგობრები და კოლეგები ავრცელებენ.

მოქალაქეები „ფეისბუკში“ ზურა ჭელიძესთან დაკავშირებულ ისტორიებს იხსენებენ და მას ემოციურად ემშვიდობებიან.

„ზური, მადლობა შენ და მოვლენათა სვლას, შენი თანამებრძოლი რომ გამხადეთ! – რადიო ასექვსი, რომელიც შენ შექმენი ბნელეთის გასანათებლად, ნამდვილი ბრძოლა იყო… სწრაფვა მეტი სინათლისკენ. მადლობა ამ წლების მანძილზე გამოჩენილი ზრუნვისთვის… ჰუმანურობის გაკვეთილებისთვის, პროფესიული გამოცდილებისთვის, რომელსაც შენს გვერდით ყოფნის ყოველ წამს ვიღებდი.

მწამს, რომ ეს შენი ბოლო მიწიერი ბრძოლაც სინათლით სრულდება… საიქიო სინათლით… ესაა რომ, შენი საყვარელი ოჯახის, მშობლების და მეგობრების ტკივილით… და ყველაფრის პასუხად ღიმილით შენს სახეზე. ამ ღიმილით გიმახსოვრებ, იცოდე… ზური.

დაგვტოვა ზურა ჭელიძემ.

პანაშვიდები – სამშაბათი, ოთხშაბათი 5 საათიდან – შარტავას 18, პირველი სადარბაზო (ბულაჩაურის ქუჩიდანაც არის შესასვლელი). გამოსვენება ხუთშაბათს 3 საათზე – უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალი სპორტის სასახლის მოპირდაპირედ მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან“, – წერს დავით ჟორჟოლაძე „ფეისბუკში“.

ზურა ჭელიძეს ემშვიდობება ჟურნალისტი ნატა ამაღლობელი:

„დილიდან თავს ზარი დამეცა! ზურა ჭელიძე არის ადამიანი, რომელმაც ბნელ 90-ანებში საუკეთესო სივრცე შექმნა თავისუფლებისთვის, გემოვნებიანი მუსიკისთვის და თვითგამოხატვისთვის. რადიო 106.4 არის ადგილი, სადაც ვმუშაობდი და სადაც ძალიან ბევრი რამე ვისწავლე.

სადღაც 15 წლის ვიყავი და დი ჯეი ბარბარე მერქვა ეთერში. ნამდვილი რადიო და ნამდვილი გამოცდილება ის იყო თუ იყო. ჩემი კოლეგას ყველა სამადლობელ სიტყვას ვუერთდები და ზურა, მადლობა, რომ მომეცი საშუალება, მეგრძნო უსასრულო მუსიკა და თავისუფლება“, – წერს ნატა ამაღლობელი.

„ჩემი პირველი „დირექტორი“. ზურა, მადლობა იმ წლებისთვის, რაც 106-ში ერთად გავატარეთ. ძალიან მიყვარხარ და გული მტკივა. განისვენე მშვიდად“, – წერს რადიოწამყვანი ლულუ კახიანი სოციალურ ქსელში.

„ერთ-ერთი ყველაზე კარგი და წესიერი ადამიანი ვინც კი შემხვედრია…

ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში – რადიოს ორი წელი…

ჯერ ლაფერა, ახლა ზურიკო… მშვიდობით იძინე მეგობარო…“ – წერს მაია ღუნაშვილი.

„ზურა ჭელიძეც წასულა მიღმიერისკენ. ნამასტე ყველაფრისთვის, ბოს!

მუდამ გულში იქნები!“, – წერს სოციალურ ქსელში ბესო ხვედელიძე.

არსებული ინფორმაციით, ზურა ჭელიძე მძიმე დაავადებას ებრძოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g