„დილის 5 საათზე შეიყვანეს ზაჰესის იზოლატორში, იყო მასთან ექიმი, რომელმაც დააფიქსირა სხეულის დაზიანებები. როგორც ლუკა ამბობს დაკავებულები მიმართავენ შესაბამის უწყებებს, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ „ფორმულას“ ეთერში ყოფილმა პოლიტიკოსმა, ირინა სარიშვილმა დაკავებული შვილი შესახებ საუბრისას განაცხადა.
ლუკა სარიშვილი ერთ-ერთია, ვინც გუშინ, აღმაშენებლის ხეივანზე, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა დააკავეს.
„ლუკასთან იყო ექიმი, რომელმაც დააფიქსირა სხეულის დაზიანებები, კლინიკაში არ გადაუყვანიათ, როგორც ჩანს, მძიმე დაზიანებები არ არის… ფაქტია, ისე ცუდად არ არის, რომ კლინიკაში გადაეყვანათ.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხარება და მისი ჯგუფი უკვე პირადად იღებენ მონაწილეობას ადამიანების ცემასა და წამებაში, ეს ზუსტად იმის მანიშნებელია, რომ ეს ძლიერი ხელისუფლება არ არის, მაგრამ ამას მეორე მხარე აქვს – ჩვენი, საზოგადოების რეაქცია გამოაჩენს, ეს ყველაფერი გაგვაძლიერებს თუ პირიქით. ფაქტია, რაღაც კონკრეტულია დასაგეგმი და მოსაფიქრებელი, დიდი მოთმინებაა საჭირო, რომ ეს ყველაფერი ავიტანოთ და ისტერიკაში არ ჩავვარდეთ, რამენაირად უნდა ავიტანოთ ეს ყველაფერი, რათა ფინიშამდე მივიდეთ… ასე იქცევა აგონიაში მყოფი ხელისუფლება“, – თქვა ირინა სარიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 თებერვალს, აღმაშენებლის ხეივანზე, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ლუკასთან იყო ექიმი, რომელმაც დააფიქსირა სხეულის დაზიანებები — ირინა სარიშვილი💬 „დილის 5 საათზე შეიყვანეს ზაჰესის იზოლატორში, იყო მასთან ექიმი, რომელმაც დააფიქსირა სხეულის დაზიანებები. როგორც ლუკა ამბობს დაკავებულები მიმართავენ შესაბამის უწყებებს, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით“ — ირინა სარიშვილი, დაკავებული ლუკა სარიშვილის დედა
Posted by Formula • ფორმულა on კვირა, 02 თებერვალი, 2025