LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დილით ხუთის ნახევარზე მივწერე.. ვერც ხვდებოდნენ, რანაირ ბიჭზე იყო საუბარი.. მთელი ცხოვრება რუსეთს ებრძოდა” – როგორ ემშვიდობებიან უკრაინაში რუსულ აგრესიას შეწირულ ქართველ მებრძოლს

6616
BeFunky-collage (2)

რუსულ აგერსიას მარიუპოლში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, ბახვა ჩიქობავა შეეწირა.

არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი მარიუპოლში დაიღუპა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს ომის გმირი უკრაინაში ყირიმის კონფლიქტის დროს წავიდა, სადაც გარდაცვალებამდე ოკუპანტებთან ყველა ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა

დაღუპულ ქართველ მებრძოლს სოციალურ ქსელში, მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.

“ბახვა იყო საქართველოს ყველა ომის მონაწილე, დიდებული მეომარი, ღირსეული მოქალაქე. წლების განმავლობაში ბახვა უკრაინაში იბრძოდა, იბრძოდა უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, აზოვის დანაყოფს და სრულიად საქართველოს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

“მეორედ დამემართა ცხოვრებაში. პირველად – აფხაზეთის ომის დროს ჩემს უმცროს მეგობარ მიროტაზე. და დღეს. გუშინ ამიტანა წინათგრძნობამ, ვერ მოვისვენე, დღეს დილით ხუთის ნახევარზე მივწერე – გთხოვ, ერთი სიტყვა, რომ კარგად ხარ. მაგრამ…. დილით საერთო მეგობარმა რომ დარეკა ფრონტიდან, პირველ ზარზე არ ავიღე. ვიცოდი, რაც უნდა ეთქვა და არ მინდოდა გაგონება. მეორე ზარზე – რაღა გზა იყო.

ავიღე, ვკითხე – ბახვა? ხო. ჩვენი უმაგრესი, უვაჟკაცესი, უკარგესი ბიჭი. სამი კვირა 24 საათი სულ ბრძოლაში იყო. მანამდე – 2014 წლიდან სულ მარიუპოლში. მანამდე – სულ ჩვენი ქვეყნის სამსახურში, სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური. მერე – ნაძირალა ქოცებისგან დევნილი, შეთითხნილი ბრალდებით დაკავებული, იძულებით გათავისუფლებული, მუდმივ წნეხში მყოფი ოჯახით, მიგზავნებით – ჩამოვიდეს, იქ ნუ ომობს.

ვერც ხვდებოდნენ, რანაირ ბიჭზე იყო საუბარი. ბახვა ჩიქობავა აღარ არის, მაგრამ, ის სულ იქნება, სულ, ჩვენს გულებში, თავის შვილებში, შვილიშვილებში, მადლიერ უკრაინელებში, ქართველებში. ის საქართველოს მეომარი იყო. პატივი მივაგოთ მას”, – წერს გივი თარგამაძე.

 

 

“ვერაფერს ვერ ვშვრები გარდა იმისა რომ ვტირი. წარმოუდგენელია.

მთელი ცხოვრება რუსეთს ებრძოდა საქართველოში. საკუთარი ქვეყნიდან ნაძირალა ქოცების დევნილი, უკრაინაში გმირულად იბრძოდა და ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე შესწირა.

მადლობა ბახვა, დიდება გმირებს”, – წერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე.

 

 

“აი, ომში რომ ხარ ასეთ კაცთან ერთად და რომ არ გეშინია ეგეთი იყო!

ყველაზე ცხელ წერტილში, მარიუპოლში იბრძოდა! გმირულად, თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა ჩემი საამაყო მეგობარი, ბახვა ჩიქობავა

დიდება გმირებს”, – წერს ნინო ორდენიძე.

შეგახსენებთ, კიევის ოლქში გუშინ დაიღუპა ორი ქართველი მებრძოლი – გია ბერიაშვილი და დავით რატიანი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რატიანი და ბერიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრები იყვნენ და უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ.

როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები წერენ, ირპენში დაბომბვაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა. თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა ერთი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე.

magti 5g