დიმიტრი ქუმსიშვილის სახელი და გვარი არაერთ ეპიზოდში ბინძურად არის გამოყენებული, – ამის შესახებ ყოფილი ვიცეპრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, მათთვის ცნობილია, თუ რატომ და რისთვის დაიგეგმა ქუმსიშვილის მიმართ ეს ყველაფერი.
„ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ განცხადებისგან. ერთადერთის თქმა შემიძლია, შესაძლოა ვიღაც მეწარმე სუბიექტებს არ უნდათ ბიუჯეტში თანხების გადახდა და ეს ყველაფერი, ფაბრიცირებული ჩანაწერების გამოყენება არის სწორედ მიმართული დიმიტრი ქუმსიშვილის დისკრედიტაციისკენ და მათ შორის დღეს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ანგაჟირება თემის, თითქოს დიმიტრი ქუმსიშვილმა დანაშაული ჩაიდინა ან მისი სახელით ვინმემ ისპეკულირა, ამისთვის პასუხი უნდა აგოს არა მარტო ლევან ყიფიანმა, არამედ სხვა ვინც გამოჩნდება. ჩანაწერებს პორცია-პორცია გვაწვდიან და რატომღაც 90% შემთხვევაში დიმიტრი ქუმსიშვილია ნახსენები. ეს არის კარგად ორგანიზებული ფაბრიცირებული ქმედება. აქვე მინდა გავაფრთხილო ყველა ის პირი, ვინც ეს დაგეგმა, რომ მკაცრად აგებენ პასუხს დროის გარკვეულ მონაკვეთში კანონის წინაშე. ეს არის კარგად დაგეგმილი შავი პიარი კონკრეტულად დიმიტრი ქუმსიშვილის და ყოფილი პრემიერის მიმართ“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ამ ე.წ. შავი პიარის ორგანიზატორებში შს მინისტრს არ მოიაზრებს. „ამ კონკრეტულ შეკითხვაზე დღეის მდგომარეობით ვერ გიპასუხებთ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია. გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა ამას სჭირდება მტკიცებულება. შს მინისტრთან დაკავშირებით, კონკრეტულად სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურები ალბათ შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ. ჩვენ ვერ დავადასტურებთ ამ ინფორმაციას. ნამდვილად არ მოვიაზრებ ორგანიზატორებში გიორგი გახარიას“, – განაცხადა გაბუნიამ.