ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანია, სავარაუდოდ, 9-10 დეკემბერს გამოვლინდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, კომპანიებს საბოლოო, საუკეთესო შემოთავაზებების წარმოდგენის შესახებ მოთხოვნა გასულ კვირას გაეგზავნათ.
“ჩვენ მათ მივეცით გარკვეული ვადა, რათა წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ჩინეთში ყოფნის დროს გამოვავლენთ გამარჯვებულს,”- განაცხადა ქუმსიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩინეთში ამ პერიოდში დაგეგმილი ვიზიტის დროს ხელი მოეწერება “თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” შეთანხმებას.
პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ანაკლიის პორტის პროექტით ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანია POWERCHINA დაინტერესდა. POWERCHINA უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც, უზრუნველყოფს ყველა სახის მომსახურებას, დაგეგმვის, შესწავლის, პროექტირების, კონსულტაციის, მშენებლობის, ჰიდროენერგეტიკის, ახალი ენერგიისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. კომპანიის ბიზნესი ასევე მოიცავს უძრავ ქონებას, ინვეტიციებსა და ფინანსებს. 2015 წლის ივნისის მონაცემებით, POWERCHINA 70,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს და დასაქმებული ჰყავს 200 000 ადამიანი. 2014 წელს კომპანიის შემოსავალმა 42,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წელს POWERCHINA-მ მსოფლიოს 110 ქვეყანაში 1 565 მსხვილი პროექტი განახორციელა. ENR-ის რეიტინგში – თოპ 150 Global Design Firms, POWERCHINA მესამე ადგილზეა.