საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთბრუნვა გაძლიერდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას შორის მემორანდუმის გაფორმების დროს განაცხადა.
მემორანდუმის თანახმად, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის ვიცე პრეზიდენტი გახდა. გაიმართა ახალი პროექტების ”ელექტრონული აბრეშუმის გზა” და ”აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ფონდი” პრეზენტაცია.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აბრეშუმის გზის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ეწყობა, სწორედ აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილია. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის და კარწახის რკინიგზის ხაზი და ასევე ანაკლიის პორტი.
”ეს ყველაფერი არის შემადგენელი ნაწილი აბრეშუმის გზის პროექტის. შესაბამისად, დღეს თუ ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთბრუნვა არის 500 მილიონი ტონა წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია და იმედოვნებს, რომ ტრანზიტული პოტენციალი გაძლიერდება და განვითარდება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, კერძო ბიზნესს განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება და ეს ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის დელეგაცია თბილისში 3 აპრილს ჩამოვიდა. სამდღიანი ვიზიტის მიზანია აბრეშუმის გზის რეგიონის სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.
საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატა ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში 2015 წელს შეიქმნა. მასში გაერთიანებულია 36 ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები.
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ზაფხულის დასაწყისში გაიმართება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეორე რაუნდის მოლაპარაკებები კონსტრუქციულად მიმდინარეობს. ხოლო პირველი რაუნდი 23 თებერვალს გაიმართა.
მისივე განმარტებით, რაც შეეხება მესამე რაუნდს, ის შემოდგომაზე გაიმართება, ხოლო წლის ბოლოსთვის მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს.