აპრილის თვეში დაფიქსირებული 4,3%იანი ეკონომიკური ზრდის ძირითადი მიზეზი ბიზნესის პოზიტიური განწყობაა. ამის შესახებ დრეს გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელმაც აპრილის თვის ეკონომიკური მაჩვენებლები შეაჯამა.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, მაკროეკონომიკური ინდიკატორები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ინფლაციის მაჩვენებელმა აპრილში 3,2% შეადგინა, რაც, ასევე, დადებითი ტენდენციაა.
“ასევე, კარგია 12%-იანი უმუშევრობის მაჩვენებელი., თუმცა მეთოდოლოგიაზე შეიძლება, ვიდავოთ. რაც შეეხება სავალუტო კურსს, მარტიდან ლარი 15%-ით არის გამყარებული. ამას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები: სავაჭრო ბალანსს თუ ვნახავთ და შევადარებთ, ვნახავთ, რომ 200 მილიონი დოლარით ნაკლები ზეწოლა მოვიდა ეროვნულ ვალიტაზე, ანუ სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა შეადგინა 1 426 მილიონი აშშ დოლარი,”- განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, 92 მილიონი დამატებითი შემოსავალი საქართველომ ტურიზმიდან მიიღო. „ყველა ეს მაჩვენებელი დადებითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. ძალიან კარგი შედეგი გვაქვს – 4,3%-იანი ზრდა აპრილის თვეში კიდევ ერთელ გვარწმუნებს, რომ წლიური ზრდა, სავარაუდოდ, 3%-ზე მეტი გვექნება“, – აღნიშნა მინისტრმა.
აპრილში მთლიან შიდა პროდუქტში ლიდერობს სამშენებლო მასალების წარმოების სექტორი, 25%იანი წილით, სასტუმროების და რესტორნების სექტორი, 20%-იანი წილით, მშენებლობა – 15%-იაი წილით და საკვები პროდუქტების და სასმელების წარმოება 10%-იანი წილით.