LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დისკის თიაქარი და მისი მკურნალობის მეთოდები – გოჩა ჩუტკერაშვილი გადაცემაში „პულსი“

582
გოჩა-ჩუტკერაშვილი

26 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“, კლინიკა „ინოვას“ კლინიკური დირექტორი, პროფესორი და მედიცინის დოქტორი, ნეიროქირურგი გოჩა ჩუტკერაშვილი სტუმრობდა, რომელმაც დისკის თიაქარსა და მისი მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა.

– ბატონო გოჩა, მართლაც ძალიან აქტუალური პრობლემაა დისკის თიაქარი, რადგან დიდი ხანია გასცდა მედიცინის ჩარჩოებს და ერთგვარი სოციალური ხასიათი შეიძინა. საინტერესოა, კონკრეტულად რას წარმოადგენს დისკის თიაქარი?

– დისკის თიაქარი – მალთაშორისი დისკების დაავადებაა, რომელიც მეტწილად დეგენერაციული ტიპით მიმდინარეობს. დაავადება არა მხოლოდ ასაკის მატებასთან ერთად, არამედ ჭარბი წონის, არასწორის ცხოვრების წესის, ხშირი და ზედმეტი ფიზიკური დატვირთვის დროს ჩნდება. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე გავრცელებული დაავადებების ნუსხაში დისკის თიაქარი მესამე ადგილზეა გულ-სისხლძარღვთა და ონკოდაავადებების შემდეგ. ამასთანავე, რამდენიმე მილიარდი ადამიანი იტანჯება დისკის  პათოლოგიებით გამოწვეული წელის ტკივილით მთელ მსოფლიოში. დაავადების მკურნალობას ფარმაკოთერაპიით ვიწყებთ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მივმართავთ ქირურგიულ ჩარევას.

– დაავადების განვითარების რა რისკ-ფაქტორები არსებობს და რა კატეგორიის ადამიანები არიან მიდრეკილი დისკის თიაქრისკენ?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ მალთაშორისი დისკი ერთადერთი ორგანოა, რომლის ორგანოსშიდა წნევა 1,5-2 ატმოსფეროს შეადგენს და ერთგვარი ბალიშის ანუ ამორტიზატორის როლს ასრულებს მალების გამართულ მუშაობისთვის. დისკი დაახლოებით 400-500 ფიბროზული რგოლისა და ლორწოვან-ხრტილოვანი წარმონაქმნის ანუ პულპოზური ბირთვისგან შედგება. მკვებავ სისხლძარღვს მალთაშორისი დისკი 3-დან 16 წლამდე ინარჩუნებს, მისი გადაგვარების ანუ დახურვის შემდეგ კი, ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებით იკვებება დიფუზიის გზით. უძილობა, გადაღლა და სტრესი, ჭარბი წონა და სიმძიმის აწევა – ანუ ყველაფერი, რაც ნივთიერებათა ცვლის პროცესს არღვევს, ზიანს აყენებს დისკს და მის შიდა ღრუსაც, რადგან საჭირო კვების გარეშე სკდება ფიბროზული რგოლები. სწორედ მათი დახეთქვა იწვევს ტკივილს წელის, კისრის ან გულმკერდის მიდამოში იმის მიხედვით თუ სად მოხდა მათი დახეთქვა.

საღი რგოლები, რომელთა რიცხვი მინიმუმამდე მცირდება ვეღარ ერევა დატვირთვას დისკის ბირთვში და იწყება გამოზნექის პროცესი ანუ პროტროზია. გამოზნექლი ბირთვი ზურგის ტვინს ან ზურგის ტვინის ნერვულ ფესვს აწვება და თუ მანამდე ტკივილი ლოკალური იყო, ახლა ის ნერვის მთელ ზონაში ვრცელდება. წელის შემთხვევაში ტკივილი ფეხს გადაეცემა, კისრის შემთხვევაში – ხელს, გულმკერდის შემთხვევაში კი, ნეკნთაშორის მიდამოს ან მუცლის არეს. რეფლექსურად იკუმშება ხერხემლის კუნთები, რაც მალების ერთმანეთთან დაახლოებას, მალთაშორის დისკზე მეტ ზეწოლას, მეტად გამოზნექას, ტკივილს იწვევს და სწორედ ასე იქმნება მანკიერი წრე. ფარმაკოთერაპიისა და მანუალური თერაპიის დანიშნულება მანკიერი წრის ერთ-ერთი რგოლის გათიშვაა, რადგან სწორედ მანუალური თერაპიის გამოყენებით შეიძლება კუნთების გადაღლა, რაც მალებს ერთმანეთისგან დაშორების საშუალებას აძლევს. იმ შემთხვევაში თუ ფიბროზულ რგოლებს შენარჩუნებული აქვთ რაიმე რესურსი, დისკი ისევ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება და ფესვზეც მოიხსნება ზეწოლა. იმ შემთხვევაში კი, როცა პულპოზური ბირთვი ანგრევს ყველა რგოლს და ზურგის ტვინზე ან ფესვზე თავსდება, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

– რამდენად ხშირია დაზიანება, როცა აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა?

– ოპერაციას იშვიათად, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მივმართავთ. მაგალითად, 100-დან შესაძლოა მხოლოდ 7 პაციენტს დასჭირდეს ქირურგიული ჩარევა.

– რამდენად ეფექტურია მანუალური თერაპია?

– მკურნალობის მსგავსი მეთოდი მართლაც ძალიან ეფექტურია, მთავარია ექიმი იყოს კვალიფიციური, ჰქონდეს ნევროლოგიური განათლება და მანუალისტისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. მანუალურმა თერაპევტმა ზუსტად უნდა იცოდეს რა ძალით დააწვეს კუნთებს და რა ტიპის მანიპულაციები ჩაატაროს სახსრებზე, ხერხემალსა და სხვა მიდამოებში. საბედნიეროდ, საქართველოში საკმაოდ ბევრი მაღალკვალიფიციური სპეციალისტია. მეტიც, ძალიან გასახარია, რომ ბოლო წლებში ახალგაზრდები გააქტიურდნენ და მათაც გაუჩნდათ მანუალური თერაპიის ხელოვნებას დაუფლების სურვილი. რაც შეეხება ფარმაკოთერაპიას – არანაკლებ მნიშვნელოვანი დარგია, თუმცა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია გამოცდილი სპეციალისტი, რომელსაც შესაბამისი მედიკამენტები და მათი სწორად გამოყენება ეცოდინება.

– როგორ უნდა დავიცვათ თავი დისკის თიაქრისგან?

– ხერხემლის სახსრების მსგავსად, მალთაშორისი დისკიც ყოველთვის დიდ დატვირთვას განიცდის. პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ სიმძიმის აწევისას ადამიანი გამართული წელით უნდა ჩაიცუცქოს, საუკეთესო მაგალითად ამ შემთხვევაში ძალოსნები გამოდგებიან, რომლებიც მაქსიმალური სიზუსტით დემონსტრირებენ როგორ უნდა მოხდეს სიმძიმის აწევა სწორად, ტრავმების გარეშე. ძალიან სასარგებლოა ცურვა, რადგან ცურვის დროს ხერხემალი ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია, ზეწოლა დისკებზე კი, მინიმალური. თუმცა, ძალიან დიდ ზიანს აყენებს ხერხემალს პასიური ცხოვრების წესი, როცა კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანს მიშტერებული ადამიანები საათობით არიან ერთ პოზაში. ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი დატვირთვა კისრის ზონაზე მოდის, რადგან 30 გრადუსით თავის წინ დახრისას ორჯერ მეტ ზეწოლას განიცდის კისერი მალებსა და მალთაშორის დისკზე, 60 გრადუსით თავის დახრისას კი, მით უფრო უმოძრაო მდგომარეობაში – 3-4-ჯერ იზრდება ზეწოლა, რაც პრაქტიკულად კატასტროფას უტოლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები