Reuters-ის ცნობით, Disney ათასობით თანამშრომლის გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს. Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანიამ ზოგიერთ მენეჯერს წლიური ხარჯების 20%-ით შემცირება მოსთხოვა. რესტრუქტურიზაციის მიზეზებს შორისაა ხელოვნური ინტელექტის მზარდი გამოყენება, ფილმების კინოგაქირავებიდან მიღებული შემოსავლების შემცირება, კონკურენციის გამწვავება სტრიმინგის ბაზარზე და კომპანიის თემატურ პარკებში საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადის შენელება.
გამოცემა წერს, რომ შემცირებები Disney-ის სხვადასხვა მიმართულებას არათანაბრად შეეხება. ხარჯების დაზოგვით მიღებული თანხის ნაწილის ინვესტირებას კომპანია ფილმებისა და სატელევიზიო კონტენტის წარმოებაში, ტექნოლოგიებში, თემატურ პარკებსა და საკრუიზო ბიზნესში გეგმავს. ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად რამდენი სამუშაო ადგილი შეიძლება გაუქმდეს. 2025 წლის ფისკალური წლის ბოლოს Disney-ში დაახლოებით 231 ათასი ადამიანი მუშაობდა.
კომპანია თანამშრომლებს ბოლო წლებშიც ათავისუფლებდა. 2023 წელს Disney-მ 7 ათასი სამუშაო ადგილი გააუქმა და ხარჯების 5.5 მილიარდი დოლარით შემცირება დაისახა მიზნად. მიმდინარე წლის აპრილში კომპანიამ დაახლოებით ათასი პოზიცია გააუქმა, სექტემბერში კი რამდენიმე ასეული თანამშრომელი გაათავისუფლა. Disney-ს Bloomberg-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
