საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მედიას მისმა სიძემ, კლოდ შირაკის მეუღლემ მიაწოდა.
მისი ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი გამთენიისას, ოჯახის წევრების გარემოცვაში დაიღუპა.
ჟაკ შირაკი საფრანგეთის პრეზიდენტი 1995–2007 წლებში იყო. მანამდე, 1977–1995 წლებში ის პარიზის მერის თანამდებობას იკავებდა, 1974-1976 და 1986-1988 წლებში კი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი იყო.
ჟაკ შირაკი იყო ღირსების ლეგიონის დიდი ჯვრის, შავი ვარსკვლავის, სპორტში დამსახურების ორდენის, ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში ორდენის, ავიაციის მედლის, ჩეხეთის თეთრი ლომის ორდენის, ნორვეგიის წმინდა ოლაფის ორდენის, მალტის ორდენის, ლიტვის დიდი თავადი გედიმინასის ორდენის, ჰეიდარ ალიევის ორდენის კავალერი…
მას უწოდებდნენ „შირაკ – აფრიკელს“ – აფრიკელი ხალხის მხარდაჭერისთვის და „შირაკ – სამურაის კორეზიდან“ – ის კარგად ერკვეოდა იაპონურ კულტურაში და თაყვანს სცემდა მას.
ჟაკ შირაკი მსახურობდა საფრანგეთის არმიაში, მონაწილეობდა ალჟირის ომში, სადაც დაიჭრა. უმაღლესი განათლება მიიღო საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლებში – პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტსა და ადმინისტრაციის ეროვნულ სკოლაში.
თავისი პოლიტიკური კარიერა შირაკმა დაიწყო შარლ დე გოლისა და ჟორჟ პომპიდუს საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობით. პომპიდუმ მას, მტკიცე ხასიათისა და ეფექტურობის გამო, „ბულდოზერიც“ კი შეარქვა.

ჟაკ შირაკს ისტორიული გადაწყვეტილება უკავშირდება: 2011 წელს სასამართლომ კორუფციაში ბრალდების საფუძველზე დამნაშავედ სცნო სახელმწიფოს ყოფილი მეთაური, რაც საფრანგეთში არ მომხდარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მას ორი წლით პირობითი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებები უკავშირდებოდა პერიოდს, როცა შირაკი პარიზის მერი იყო. გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინეს ბრალდებულის ასაკი (79 წლის იყო) და გაითვალისწინეს მისი, როგორც სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის, სტატუსიც.

შირაკის დროს პრეზიდენტის ვადა შვიდიდან ხუთ წლამდე შემცირდა. ის მეხუთე რესპუბლიკას 2 წელი მართავდა, რაც მეორეა ხანგრძლივობით ფრანსუა მიტერანის მმართველობის შემდეგ.
