LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა და ოპერატორებმა ომის დროს საგმირო საქმე ჩაიდინეს – მამუკა ბახტაძე

116

შეიძლება გადაჭარბების გარეშე ითქვას, რომ ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა და ოპერატორებმა რუსეთ-საქართველოს ომის დროს საგმირო საქმე ჩაიდინეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრეზიდენტის სასახლეში რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. პრემიერმა ქედი მოიხარა იმ ჟურნალისტთა ხსოვნის წინაშე, რომლებიც აგვისტოს ომის დროს პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაიღუპნენ.

“დღეს 10 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მორიგი აგრესიული აქტი განახორციელა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ჩვენ ფაქტობრივად მივიღეთ ეთნიკური წმენდის კიდევ ერთი ტალღა საქართველოში. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. ეს არის უსამართლობის ნათელი მაგალითი. ამ უსამართლობას დაემატა კიდევ უფრო აგრესიული მცდელობები, რომ მასმედიაში ეს ყველაფერი გაშუქებულიყო ძალიან სუბიექტურად. მე კარგად მახსოვს იმ პერიოდში როგორ აგრესიულად მუშაობდა ოკუპანტის პროპაგანდისტული მანქანა. როგორ ცდილობდა მსოფლიო თანამეგობრობისთვის დაენახებინა, რომ ეს ყველაფერი თითქოს ქართული სახელმწიფოს მხრიდან იყო ინიცირებული.

ჩვენ მაშინ გვჭირდებოდა ამ პროპაგანდის გარღვევა და მსოფლიო თანამეგობრობისთვის ჩვენს ტერიტორიებზე განხორციელებული ოკუპაციის ჩვენება. შეიძლება გადაჭარბების გარეშე ითქვას, რომ ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა და ოპერატორებმა საგმირო საქმე ჩაიდინეს. მათ შეძლეს ფირზე აღებეჭდათ, თუ რეალურად რას წარმოადგენს საოკუპაციო ძალა. რა აგრესიისა და არაადამიანური მოპყრობის მაგალითი გახლდათ ეს ყველაფერი. მინდა, ქედი მოვიხარო იმ სამი ჟურნალისტის წინაშე, რომლებმაც პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ჩაიდინეს ძალიან დიდი გმირობა, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ჩვენ გვერდით აღარ არიან. ამასთან, თერთმეტმა ჟურნალისტმა ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო. მინდა მათაც ვუთხრა, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის ნამდვილი გმირები არიან.

დღესაც, 10 წლის შემდეგ, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი გამოწვევა და ძალიან დიდი ტკივილი. ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ მავთულხლართების რეჟიმში. 21-ე საუკუნეში, როდესაც კაცობრიობა ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ადამიანურ ურთიერთობებს, ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე გვაქვს მავთულხლართები. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი და მე დარწმუნებული ვარ, რომ დრო ყველაფერს ობიექტურად და სამართლიანად დაალაგებს. ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე არის ნამდვილი, ევროპული და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველის პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჟურნალისტები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის პერიოდში გამოჩენილი თავგანწირვისა და თავდადებისთვის, პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ: გიგა ჩიხლაძე- ტელეკომპანია “ალანიას” ახალი ამბების რედაქტორი, რომელიც NEWSWEEK-ის რუსული გამოცემისა და ფრანგული რადიოს RFI-სთვის მუშაობდა, სტან სტორიმანსი – ტელეკომპანია RTL-ის ოპერატორი და ალექსანდრ კლიმჩუკი – “იტარ-ტასის” ფოტორეპორტიორი. ჯილდოები დაღუპული რეპორტიორების ოჯახის წევრებს გადაეცათ.

magti 5g