მუქარის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ზაზა სვანაძე გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
ზაზა სვანაძესთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ადვოკატმა მიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით,ზაზა სვანაძეს 5-ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. მის მიმართ გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ჟურნალისტი სვანაძე 20 აპრილს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო ჯღარკავამ, პროკურატურას მიმართა.
ნინო ჯღარკავას თქმით, ზაზა სვანაძემ ფეისბუქზე პოსტი დაწერა, რომლითაც მის შვილს “ყელის გამოღადრით” დაემუქრა. მისივე თქმით, აღნიშნული შინაარსის პოსტის სქრინები პროკურატურას წარუდგინა.
ნინო ჯღარკავას განცხადებით, ზაზა სვანაძე მის შვილს არ იცნობს და არც რაიმე შეხება ჰქონია წარსულში.