„რუსთავი2″-ის ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აფასებენ. ისინი ერთის მხრივ გმობენ ძალადობას, თუმცა „ქართული მარშის“ აქტივისტთა ქმედებებზე მკაცრი შეფასებები არ აქვთ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა ხუციშვილის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება არ უნდა გასცდეს მშვიდობიან ფორმებს. მისივე თქმით, გამოხატვის ძალადობრივი ფორმა არის სახიფათო.
„მე ვთვლი, რომ ასეთი ფაქტები საკმაოდ სახიფათო არის, ძალადობა ყველა შემთხვევაში არის მიუღებელი. შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ, თავისი პროტესტის გამოხატვის სურვილი და საშუალება, მაგრამ ეს არ უნდა გასცდეს მშვიდობიან ფორმებს. ყველანაირი ასეთი გამოხატულება არის ძალიან სახიფათო და საფრთხის შემცველი. თუკი ფიზიკური შეხება მოხდა ჟურნალისტებზე, რა თქმა უნდა, ამას სხვა ტიპის გამოძიება სჭირდება“-აცხადებს ზაზა ხუციშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ბექა ნაცვლიშვილი „ქართული მარშის“ წევრების მსგავსად ფიქრობს, რომ “რუსთავი 2”-ის წამყვანმა მართლაც მიაყენა შეურაცხყოფა საზოგადოების დიდ ნაწილს, მაგრამ ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ის რაც მოხდა „არ არის კარგი“.
„ეს არის სამართალდამცველების საკითხი, რა კვალიფიკაციას მისცემენ ამას. რაც მოხდა პირდაპირ რომ ვთქვა, არ არის კარგი. ჟურნალისტის მხრიდან ის გაკეთებული ჩანართი, რომელიც გულწრფელად რომ გითხრათ არ არის მისასალმებელი, გამომდინარე იქიდან, რომ შეურაცხმყოფელია ბევრი ადამიანისთვის. რაც შეეხება ძალადობას, რა თქმა უნდა ნებისმიერი ძალადობის ფორმა არის დასაგმობი,“-აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.