LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოდონა ნამორაძე გია და ჯემალ ბაღაშვილებთან მუშაობაზე, „იუმორინაში“ მონაწილეობაზე, თმის ფერსა და იმიჯზე: „სინამდვილეში თვალის ჩაკვრაც კი გავლილია…“

1894
დოდონა ნამორაძე

დოდონა ნამორაძემ „იუმორინას“ ახალ წარმოდგენაში კიდევ ერთხელ მოირგო ხელოვნური ინტელექტის როლი და შესანიშნავი შესრულებები შემოგვთავაზა, სხვადასხვა ჟანრსა და მიმართულებაში. როგორი რეაქცია აქვს, როცა მაყურებელი უნივერსალურ მომღერალს უწოდებს, fortuna.ge-ს უმხელს.

უკვე მეორედ „იუმორინაზე“ შენი გამოსვლა განხილვის საგნად იქცა. ელოდებოდი კვლავ ასეთ წარმატებას?

ყოველთვის რთულია მეორედ გამოსვლა, განსაკუთრებით, თუ ადამიანებს პირველად მოეწონე. მეორე გამოსვლაზე ბევრად მეტი ვიფიქრეთ, პირველი ხუთ წუთში მოიხაზა, მეორე კი უნდა ყოფილიყო უფრო უკეთესი და საინტერესო. ბევრი ნომერი გვქონდა. იყო ძალიან სასიამოვნო სცენაზე გამოსვლა. ოთხივე კონცერტზე დარბაზი იყო სავსე. „იუმორინას“ ტაში განსაკუთრებულია და სცენაზე გამოსვლის დროს ძალას მმატებს. 25 წელი შეუსრულდა წელს ამ პროექტს. ამ ოჯახში ასეთი სიყვარულით რომ მიმიღეს სრულფასოვან წევრად, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.

გია ბაღაშვილთან მუშაობა ახალ ნომრებზე როგორი იყო?

ბატონ გიასთან მუშაობა არის ძალიან სასიამოვნო, რადგან დიდი პროფესიონალია. გარდა ამისა, რეპეტიციებზე მოდის ხოლმე ბატონი ჯემალიც, სრულად არის ჩართული პროგრამაში, მისი ერთი სიტყვაც კი ცვლის ყველაფერს, ზოგჯერ მისი ერთი სიტყვით მთელი ნაწარმოები იცვლება. ბატონ გიას ყველა მაესტროს ეძახის, პერფექციონისტია. როცა მაყურებელი ამბობს, როგორ ბუნებრივად გააკეთე ესა თუ ის ჟესტიო, თვალის ჩაკვრაც კი გავლილია სინამდვილეში.

შენთვის ასეთ პროფესიონალებთან მუშაობა დიდი გამოცდილებაა ალბათ?

23 წლის ვარ და ეს ისეთი გამოცდილებაა, ვფიქრობ, არაფერი გამიჭირდება. სოლოკონცერტის გაკეთებაც შემიძლია. ასეთ ბუმბერაზ ადამიანებთან მუშაობა ძალიან დიდი გამოცდილებაა. განსაკუთრებით კარგად ვისწავლე ქართული სიმღერის შესრულება, რადგან საქართველოში არ ვცხოვრობდი, ქართულ სიმღერას კი სულ სხვა ფრაზირება სჭირდება. ადრეც მეგონა, რომ ცუდად არ ვმღეროდი ქართულ სიმღერას, მაგრამ ახლა, როცა ძველ ვიდეოებს ვუყურებ, მეცინება ხოლმე. ბედნიერი ვარ, რომ ისეთ გარემოში მოვხვდი, სადაც ქართული სიმღერის შესრულება სწორად მასწავლეს.

ხალხი რომ უნივერსალურ მომღერალს გეძახის, ამაზე რას ფიქრობ?

მიხარია და მინდა, გავამართლო მათი იმედი, ვისაც ასე ვუყვარვარ… მოკლე დროში დავიმსახურე ეს სიყვარული, დიდი პატივია და იმედი მაქვს, შევინარჩუნებ.

წითელი კაბა, რომელიც იუმორინაზე გეცვა, როგორ შეარჩიე?

ინტერნეტში ვნახე და პირველივე ნახვაზე შევაჩერე თვალი. გამოვიწერე, იმიტომ, რომ აქ ვერ ვნახე ვერაფერი მსგავსი. ასე მოკლე დროში ვერ მოვითხოვდი ასეთი კაბის შეკერვას. ერთი ზომით დიდი გამოვიწერე ყოველი შემთხვევისთვის. მკერავს ვეძებდი უკვე. რომ ჩამოვიდა, ზუსტად მომერგო, ცოტა მეწყინა, ერთი ზომით დიდი რომ მომერგო. ეტყობა, მე შემეშალა ზომის შერჩევა (იცინის). დიდი სიყვარული და მოწონება დაიმსახურა ამ კაბამ. მივხვდი, რომ ასეთი სტილი სცენაზე მიხდება, გრძელი და პრინცესული კაბა. ხელოვნურ ინტელექტსაც უხდება ასეთი ჩაცმულობა.

როგორ აკონტროლებ წონას?

საერთოდ არ ვაკონტროლებ. ძალიან მიყვარს ჭამა. ჭამა არის ჩემი დღის ყველაზე ბედნიერი ნაწილი. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ კარგად მირთმევა დავიმსახურო. ჯიმში აღარ დავდივარ, მაგრამ რადგან სპორტსმენი ვიყავი, ალბათ, არ მიჭირს წონის შენარჩუნება. ვთამაშობდი ბადმინტონს, ვარ საქართველოს ჩემპიონი ბადმინტონსა და ფრენბურთში. რაც შეეხება წონას, მართლა არაფერს ვაკეთებ, ხელს მიწყობს ის, რომ ტკბილი საერთოდ არ მიყვარს და შეიძლება, თვეში ერთხელ შევჭამო ტორტის ნაჭერი. არ მიყვარს პური, რადგან აზიაში ცხოვრებისას ბრინჯს მივეჩვიე. მაგრამ მიყვარს ვაჟკაცური საჭმელი, ხორცი, ხინკალი, ჩაქაფული…

თმის ფერსა და იმიჯზე მინდა გკითხო, განსხვავებული ფერი გაქვს

ეს ფერი მაქვს 17 წლიდან. ერთხელ გადავიღებე და სახლში რომ მივედი, მამაჩემმა მთხოვა, ისევ შენს ფერზე გადაიღებეო. ტონიკით თვეში ერთხელ ძალიან მარტივად ვიღებავ. მგონია, რომ ეს არის ჩემი ბუნებრივი ფერი.

შემოქმედებითი კუთხით რა სიახლეები გაქვს?

ძალიან მალე, მომავალ ორ თვეში, მაქსიმუმ სამ თვეში, შემოგთავაზებთ სასიამოვნო სიახლეს, პირადად ჩემგან, მუსიკალური კუთხით. მეტს ვერაფერს ვიტყვი…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

magti 5g