აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია უამინდობის გამო კონგრესის შენობაში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, 20 იანვარს ვაშინგტონში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი.
ტრამპის მიმართვას ინაუგურაციის ცერემონიაზე მისული სტუმრები კონგრესის შენობაში მოისმენენ. საინაუგურაციო აღლუმი და საზეიმო მიღებაც ასევე კაპიტოლიუმის დახურულ სივრცეში გაიმართება.
ინაუგურაციის დახურულ სივრცეში გადატანის შესახებ გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „თრუს სოშიალში“ გამოეხმაურა.
ტრამპის თქმით, პროგნოზის მიხედვით, 20 იანვარს ვაშინგტონში ჯანმრთელობისათვის სახიფათო ყინვაა მოსალოდნელი.
„სახიფათო პირობებია ასობით ათასი მხარდამჭერისთვის, ათობით ათასი სამართალდამცავისთვის, საგანგებო სამსახურების თანამშრომელთათვის, პოლიციის ძაღლებისა და ცხენებისთვისაც კი.
ნებისმიერ შემთხვევაში, მოსვლას თუ გადაწყვეტთ, თბილად ჩაიცვით“, – განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა.
მედიის ცნობით, ბოლო პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაცია კონგრესში გაიმართა, რონალდ რეიგანი იყო. 1985 წელს ცერემონიის დახურულ სივრცეში გამართვა მაშინაც უამინდობის გამო გადაწყდა.