დონალდ ტრამპმა სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის შემოღება აშშ-ს პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, საჭირო თანხები კონგრესის გვერდის ავლით მოიზიდოს.
დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ის კედელს აშენებს არა იმისთვის, რომ წინასაარჩევნო დაპირება აასრულოს, არამედ იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ნარკოტიკების გაყიდვასა და კრიმინალს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საინფორმაციო სააგენტო “ბლუმბერგის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის საერთო ჯამში 8 მილიარდი აშშ დოლარის მოძიებას აპირებს.
დონალდ ტრამპმა სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც კონგრესმა კედლის მშენებლობისთვის 5.7 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე უარი უთხრა.