ნიდერლანდურმა კომპანიამ Donkervoort, რომელიც ეგზოტიკური და უკომპრომისო სპორტქარებითაა ცნობილი, ახალი მოდელი – P24 RS წარადგინა. ტარგას ტიპის ძარის მქონე ავტომობილი გამოირჩევა სრულიად ახალი ძრავითა და ულტრა მსუბუქი კონსტრუქციით, რის შედეგადაც მას კლასში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს: 770 ცხენის ძალა ერთ ტონაზე.
P24 RS-ის განსაკუთრებულობა ისაა, რომ მძღოლს შეუძლია არა მხოლოდ საკიდარის, ელექტრონიკისა და აეროდინამიკის, არამედ ძრავის სიმძლავრის რეგულირებაც. წარმოება მხოლოდ 150 ეგზემპლარით შემოიფარგლება, ხოლო მიწოდება აპრილში დაიწყება. კომპანიამ უკვე დაადასტურა, რომ დაგეგმილი ავტომობილების დაახლოებით მესამედს მფლობელები წინასწარი შეკვეთით ჰყავს.

მანამდე Donkervoort საკუთარ სპორტქარებს Audi-ს ტურბო ხუთ ცილინდრიანი ძრავით ამარაგებდა, თუმცა ამ აგრეგატის წარმოებიდან მოხსნის ფონზე კომპანიამ Ford-ის ძრავებზე გადაინაცვლა. P24 RS აღჭურვილია 3,5 ლიტრიანი V6 ძრავით და სპეციალურად შემუშავებული ტურბო სისტემითა. ძრავის მაქსიმალური მაჩვენებლებია 600 ცხენის ძალა და 800 ნიუტონ-მეტრი, თუმცა სურვილის შემთხვევაში სიმძლავრის შეზღუდვა 400 ან 500 ცხენის ძალამდეა შესაძლებელი. გადაცემათა კოლოფი – ხუთ საფეხურიანი მექანიკურია.

P24 RS-ის მშრალი წონა მხოლოდ 780 კილოგრამია. შედეგად, 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას დაახლოებით 2,5 წამში ახერხებს, 200 კმ/სთ-ს 7,4 წამში აღწევს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ს აჭარბებს.