LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის დრო გავიდა, როცა მშენებლობა სტადიონებზე მიდიოდა“ – „ოცნების“ დეპუტატების განცხადებით, სამშენებლო წესების დარღვევაზე ყველა დეველოპერი სტატუსის განურჩევლად დაჯარიმდება

105
ბითაძე-დავითულიანი

„რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, სკვერში, პარკსა და სტადიონზე კორპუსს ვეღარავინ ვეღარ ჩადგამს,“ – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, რომელმაც დეპუტატებს სამშენებლო ამნისტიის პროექტი წარუდგინა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და რა შემოწირულობაც არ უნდა გააკეთოს, სამშენებლო წესების დარღვევაზე ყველა დეველოპერი დაჯარიმდება.

როგორც ბითაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, სამშენებლო კანონმდებლობაში ყველა ცვლილება მიმართული უნდა იყოს იქეთ, რომ ნორმები გაუმჯობესდეს იმ კუთხით, რასაც თანამედროვე სტანდარტები ჰქვია.

„ის დრო გავიდა, როცა მშენებლობა სტადიონებზე მიდიოდა. ტვ „პირველის“ ოფისის წინ სტადიონი იყო – დღეს კორპუსია. იპოდრომზე მრავალსართულია კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა. კორტები მერიამ გამოისყიდა, რაც ძალიან ძვირი დაგვიჯდა, ისევე როგორ „ოტიუმის“ წინ მიმდებარე ტერიტორია. მთლიანად გაყიდული იყო დიღმის ტყე-პარკი და იმის გამოსყიდვა, რაც ასე ქაოსურად გაიყიდა, სახელმწიფოს ძალიან ძვირი უჯდება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

სამშენებლო ამნისტიის პროექტს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, ბექა დავითულიანიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ქალაქში კოეფიციენტები არ უნდა იყიდებოდეს.

„ჩვენ ეს სწორედ კახა კალაძის ადმინისტრაციის პირობებში ავკრძალეთ,“– თქვა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და დაუმატა, რომ სამშენებლო ამნისტია ეხება მშენებლობებს, რომლებსაც აქვს დარღვევები, თუმცა ეს დარღვევები ზეგავლენას მის უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე არ ახდენს.

„ჩვენი ქალაქი უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, ამ განუკითხავი მშენებლობის შედეგად ნამდვილად დაზარალდა. პირველი სკოლის უკან გვაქვს მშენებლობა, რომელიც ჩვენი 30 წლის უკანონო და გაუაზრებელი მშენებლობების სახეა და ეს ჩვენი ხელისუფლების ხელში არ დაზარალებულა,“ – დასძინა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

დავითულიანი „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა „ქართულ ოცნებას“ გააზრებული აქვს და ის დოკუმენტურადაა ასახული.

„ჩვენი ქალაქი უნდა იყოს სატყეო ზონებით, სარეკრეაციო ზონებით, რომელიც უკვე 5 მილიონ კვადრატამდე გაიზარდა მხოლოდ ამ გენგეგმის მიღებით, ჩვენი ქალაქი უნდა იყოს სატრანსპორტო კორიდორებით, რომელიც ამ გენგეგმაშია დატანილი და უნდა იყოს მულტიცენტრები, რომელიც ასევე ამ გენგეგმაშია დატანილი,“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისი თქმით, ამნისტია ეხება მშენებლობებს, რომლებსაც ინდივიდუალურად სპეციალური ჯგუფი განიხილავს და არ ეხება ისტორიულ არეალს, რაზეც პარლამენტში დიდხანს იყო საუბარი.

„იმ შენობებს, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, ისტორიულ არეალში, ამ კანონპროექტით ამნისტია არ ეხება. არც იმაზე საუბარია სერიოზული, ვითომ ვიღაცას ვუკეთებთ, კონკრეტულ დეველოპერებს, რომ ვითომ რაღაცა ბრჭყალებში „გავუპრავოთ.“ ბავშვები ხომ არ ვართ? რომ გვდომოდა „გაპრავება“ და შეზრდილი გვქონდეს ეს ბიზნესი, რამენაირად ნებართვას მივცემდით და ამისთვის“ „გაპრავება“ არ დასჭირდებოდა,“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა პირველი მოსმენით სამშენებლო ამნისტიის პროექტი განიხილა. საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ამნისტია ყველა ტიპის მშენებლობას შეეხება – პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.

magti 5g