LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დროას“ წევრი არ არის, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ“ – რა ვიცით აქციის მონაწილე 21 წლის ბიჭზე, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

161
Untitled design (4)

7, 8 და 9 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, 29 მარტს 2002 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული მოძრაობა „დროას“ წევრია, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

„მარტის მოვლენებში ერთადერთი მოძალადეც და მოღალატეც არის „ქართული ოცნება“, ვინც მიიტაცა პარლამენტი, იძალადა კონსტიტუციაზე და იძალადა ხალხზე.

ახლა დაკავებულ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, არც „დროას“ წევრია, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ.

ახლა ვეძებთ კონტაქტებს ოჯახთან და, მათი სურვილისამებრ, მათ გვერდში ვიქნებით. ბრიუსელში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ დემონსტრანტების დაცვა იყო და მათ ქვეყნის გარედანაც და შიგნიდანაც დავიცავთ!“ – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

დღესვე, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულზე ისაუბრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. 

ირაკლი კობახიძის თქმით, „დაკავებული პირი მოქმედებდა კონკრეტული ინტერესით, რომ მათი დაფინანსება არ ყოფილიყო გამჭვირვალე“.

„არავის უნდა შერჩეს უმძიმესი თავდასხმები, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ ვიხილეთ. ეს იყო მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ქვების დაშენა. ეს არის კონკრეტული უმძიმესი დანაშაულები და ასეთი დანაშაულებისთვის შესაბამისმა პირებმა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ. ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე და, იმედია, ამასთან დაკავშირებით გამოძიება გაგრძელდება…

რაც შეეხება ამ კონკრეტულ პირს, ჩანს, რომ მას ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს და პოლიციელების წინააღმდეგ ასეთი ადამიანები ძალადობდნენ. ამას სათანადო შეფასება სჭირდება. თავისთავად ის, რომ ეს პირი, გზას აცდენილი ახალგაზრდა კაცი, არის დაკავშირებული ბოლშევიკურ ტროიკასთან, ეს არის ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობა, ესეც მიუთითებს, რომ ამ პირს ამოძრავებდა კონკრეტული სუბიექტური ინტერესი.

როგორც მოგეხსენებათ, ეს ბოლშევიკური ტროიკა უცხოური აგენტების ერთობლიობაა და ეს პირი მოქმედებდა კონკრეტული ინტერესით – რომ მათი დაფინანსება არ ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, ასეთი ორიენტაციაარეული ადამიანების ქმედებები უნდა იყოს სათანადოდ შეფასებული, როგორც სამართლებრივად, ასევე საზოგადოების მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ერთი პირის დაკავების შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 29 მარტს გაავრცელა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული, წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული და ამჟამად განსასჯელი ლ.გ. პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.გ.-მ მიმდინარე წლის 7,8,9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

7,8,9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მაშინვე დაიწყო და გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ყველა იმ პირის დაკავების მიზნით, რომლებმაც განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა სამართალდარღვევები“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

magti 5g