LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაიში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს

124

დუბაის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია გაიმართა, რომლის დროსაც საერთაშორისო ინვესტორების წინაშე ვრცელი მოხსენება გააკეთა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდის დინამიკაზე, მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, აგრეთვე საინვესტიციო პროექტებზე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, უძრავ ქონებასა და ტურიზმის ინდუსტრიაში. დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანსაც ეკონომიკის ზრდის დაჩქარება წარმოადგენს. აგრეთვე მოქმედ პროგრამაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლის საფუძველსაც მთავრობის ეკონომიკური პროგრამა წარმოადგენს.

მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე საუბრისას, ეკონომიკის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მოგების გადასახადის რეფორმაზე, რომელიც ბიზნესს რეინვესტირებისა და ახალი სამუშაო სამუშაო ადგილების შექმნას შესაძლებლობას აძლევს. ინვესტორთა მხრიდან ასევე გამოითქვა დაინტერესება იმ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების მიმართ, რომლებიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და სხვა მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან.

ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლებზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებით გამოყო ვითარება ტურიზმის სფეროში, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკაში 2,8 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავლის გენერირება შეძლო. ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს მაღალ პოზიციებზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის, მე-9 ადგილზე მსოფლიო ბანკის „Easy Doing Business 2018“, მე-16 ადგილზე „ჰერითიჯის ფონდის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში და ა.შ.

ქუმსიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საინვესტიციო პროექტების შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებიც დუბაის ფორუმსა და გამოფენაზე საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მონაწილეობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g