LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბროვნიკი – რჩევები ხორვატიაში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

ადგილობრივები ხუმრობენ: ვისაც უნახავს დუბროვნიკი, უნახავს მთელი ხორვატიაო. ამ ბრწყინვალე ქალაქში მართლაც რომ თავმოყრილია საუკეთესო, რითაც ბალკანეთი ამაყობს: მდიდრული არქიტექტურა, თავბრუდამხვევი პეიზაჟები, მოვლილი პლაჟები, მყუდრო რესტორნები.

დუბროვნიკის ისტორია მე-7 საუკუნეში დაიწყო და რამდენიმე საუკუნეში არნახულ სიძლიერეს მიაღწია: გათვლილმა პოლიტიკამ და ადრიატიკაზე აქტიურმა ვაჭრობამ ის ვენეციის რანგში აიყვანა. მე-15-16 საუკუნეებში ქალაქი მეცნიერებისა და ხელოვნების ცენტრად იქცა სასახლეებით, მოედნებითა და გასაოცარი სილამაზის ტაძრებით. მთელი ეს შესანიშნაობა ჩვენ დრომდე შემორჩა.

დღეს დუბროვნიკი მთავარი კურორტია ადრიატიკის ზღვაზე, რომელიც იუნესკოს აღორძინების ხანის საუკეთესო ევროპული ძეგლების სიაშია შეტანილი.

 

დუბროვნიკის ჩილიპის საერთაშორისო აეროპორტი ცენტრიდან 20 კმ-შია.
აეროპორტიდან ცენტრში შატლები, საქალაქო ავტობუსები და ტაქსი დადის.

 

დუბროვნიკის რაიონები

დუბროვნიკი ადრიატიკის ზღვის გასწვრივ 6 კმ-ზეა გადაჭიმული. მისი გულია ძველი ქალაქი პილე: ისტორიული ცენტრი, სადაც თავმოყრილია ძირითადი ღირსშესანიშნაობები, სასუვენირო დახლები და რესტორნები. საცხოვრებელი აქ ძვირია. საციხო კედლის ქვის შუაგულში ყველაზე კარგად იგრძნობა შუასაუკუნეების კოლორიტი. თუმცა მინუსიც აქვს: სიმჭიდროვეა, ხმაური, ხოლო გაუთავებელი ზღვის პროდუქტების კერძებისგან სპეციფიური სურნელი ტრიალებს. ლუქსის მოყვარულებს ურჩევნიათ მეზობელი რაიონი პლოჩე აირჩიონ. აქ ფეშენებელური სასტუმროებია, სიახლოვეს კი სახელგანთქმული პლაჟი ბანიე მდებარეობს ელიტური ღამის კლუბებით.

კიდევ ორი პოპულარული საკურორტო ზონაა ლაპადი და ბაბინ კუკი, რომელიც ბაღებისა და პარკების სიმწვანით გამოირჩევა. პირველის სავიზიტო ბარათია ტყიანი გორაკი პეტკა, მეორის – იდეალური საოჯახო დასვენებისთვის პლაჟი კოპაკაბანა.

პორტის გვერდითაა საცხოვრებელი რაიონი გრუჟი განვითარებული ინფრასტრუქტურით, ცენტრალური ავტოსადგურითა და მთავარი ბაზრით. უბრალოდ აქედან მთავარ პლაჟებამდე ცოტა შორია, თუმცა საცხოვრებლის ფასები შედარებით ხელმისაწვდომია.

 

ტრანსპორტი

ყველაზე პოპულარული სახეობაა კომპანია „ლიბერტასის“ ავტობუსები. ისინი 10-15 წუთიანი ინტერვალით დადიან, ძირითადი მარშრუტები აერთებს ძველ ქალაქს, ლაპადს და ბაბინ კუკს. ბილეთები იყიდება ჯიხურებში (12 კუნა ერთი მგზავრობა) და მძღოლთან (15 კუნა) და მოქმედებს ერთი საათის განმავლობაში.

ეკონომიის მიზნით შესაძლებელია ერთდღიანი სამგზავროს ყიდვა 30 კუნად.

დუბროვნიკში დადიან ღია ტურისტული ავტობუსები. ის ყველა პოპულარულ ღირსშესანიშნაობას მოივლის. აუდიოგიდით ექსკურსიის ღირებულება 60 კუნაა, 6 წლამდე ბავშვები უფასოდ სეირნობენ.

კიდევ ერთი სატრანსპორტო ატრაქციონი ფუნიკულიორია, რომელსაც ტურისტები ძველი ქალაქის კედლებიდან სრდის მთის წვეროზე აყავს. მგზავრობა 4 წუთს გრძელდება, კაბინაში 30 ადამიანამდე ეტევა, 405 მეტრის სიმაღლიდან მართლაც თავბრუდამხვევი ხედებია. ბილეთი ერთი მიმართულებით 80 კუნაა, ორივე – 130 კუნა (ბავშვებისთვის – 40 და 60 კუნა შესაბამისად).

აეროპორტში, ავტოსადგურზე, პილეს, პლოჩესა და გრუჟის რაიონებში ტაქსის სადგომებია. სტანდარტული ტარიფია 25 კუნა ჩასხდომაზე და 8 კუნა ყოველ კმ-ზე. ქალაქის შემოვლა საშუალოდ 70-100 კუნა ჯდება, ტრანსფერი აეროპორტიდან ცენტრში – 250-300 კუნა.

 

ავტომობილის ქირაობა

დუბროვნიკი კომპაქტურია: ძირითადი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება რამდენიმე საათშიც შეიძლება, სანაპიროებამდეც მარტივად მიხვალთ ფეხით. მანქანის ქირაობას აზრი აქვს, როდესაც ქალაქთან ახლოს მდებარე თვალწარმტაცი ადგილების მონახულება გინდათ, ან მეზობელ ქალაქებში ან თუნდაც ქვეყნებში (ალბანეთი, ბოსნია, მონტენეგრო) გასეირნება.

გაქირავების ოფისები გახსნილია (Sixt, Avis, Hertz, Sunnycars) აეროპორტში, გრუჟის პორტსა და ტურისტულ რაიონებში. ფასები ევროპულთან შედარებით მისაღებია. მომცრო მანქანის აღება 130 კუნადან იწყება, უნივერსალის – 160, პრემიალური ავტო 270 კუნა ღირს დღეში. საწვავი 10 კუნამდეა ლიტრზე.

ზაფხულში დუბროვნიკში საცობებია, განსაკუთრებით პორტის სიახლოვეს და ქალაქიდან გასვლისას. პარკირებასთან დაკავშირებითაც შესაძლებელია სირთულეები იყოს: სადგომები გადატვირთულია. ბევრი ქუჩა ცალმხრივია, ასე რომ, საჭირო ადგილზე მისვლამდე შესაძლებელია ცოტა გაწვალდეთ.

 

Dubrovnik Card

ტურისტებისთვის, რომლებთაც სურთ მაქსიმუმი მიიღონ და თან არ გაკოტრდნენ, მოიფიქრეს Dubrovnik Card. ყველგან იყიდება. ერთდღიანი ბარათი 190 კუნა ღირს და საშუალებას იძლევა უფასოდ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მოინახულოთ საციხო კედლები, მუზეუმები (ეთნოგრაფიული, კულტურულ-ისტორიული და ა.შ.) და სამხატვრო გალერეები 24 საათის განმავლობაში.
3-დღიანი და 7-დღიანი ბარათი – 250/350 კუნა – 6-10 უფასო მგზავრობასა და ცავტატამდე ავტობუსის კუპონს იძლევა.
გარდა ამისა, Dubrovnik Card-ის მფლობელები იღებენ 160-გვერდიან გიდს და 5-30%-იან ფასდაკლებას რესტორნებში, სპა-სალონებში, საიუველირო დახლებსა და ტურსააგენტოებში.

 

დუბროვნიკის სანაპიროები

დუბროვნიკის უმეტესი პლაჟი კარგად არის აღჭურვილი. შესვლა ყველგან უფასოა, ზღვა კი გამჭირვალე, სანაპიროზე წვრილი კენჭებია, მაგრამ წყალთან უკვე ქვიშიანია. ერთ-ერთი პოპულარული პლაჟი ლაპადის ზღვის უბეში მდებარეობს. აქ არის საშხაპეები, ტუალეტები, გამოსაცვლელი კაბინები, გაქირავების პუნქტები, ბარ-რესტორნები.

ქოლგებისა და შეზლონგების ქირაობა დღიურად საშუალოდ 30 კუნა დაგიჯდებათ.

ბავშვიანი ოჯახები ხშირად ირჩევენ კოპაკაბანას სანაპიროს, სადაც მრავალფეროვანი გასართობია. აქაც კენჭებია, მაგრამ ნაპირიდან რამდენიმე ნაბიჯში პაწკუნტელა ქვები ქვიშაში გადადის.

პლაჟი ბანიე ორ ნაწილად არის გაყოფილი: უფასო საზოგადოებრივი და ფეშენებელური ფასიანი. სხვათა შორის, იქვეა ნუდისტური პლაჟი ლოკრუმა.

ასევე აღსანიშნავია: ბუზას პლაჟი, სანაპირო ველიკი ზალ, სვეტი იაკობის სანაპირო, პლაჟი ბელევუ და სხვები.

 

დუბროვნიკის სასტუმროები

დუბროვნიკში ყველა გემოვნებისა და ჯიბეზე გათვლილი სასტუმროებია: ეკონომიური „სამიანები“ და მდიდრული „ხუთიანები“. რაც უფრო ახლოა ძველ ქალაქთან, მით უფრო ძვირია. ყველაზე პრესტიჟულები თავმოყრილია პილესა და პლოჩეს რაიონებში. ლაპადისა და ბაბინ კუკის რაიონებში უფრო დემოკრატიული ფასებია: აქ სიმშვიდეა, სიმყუდროვე და თან სილამაზეა, ხოლო ცენტრამდე მარტივად მიხვალთ ფეხით. ყველაზე დაბალი ფასებია საპორტო გრუჟში, მონტოვერნესა და ბონინოვოში: ადგილობრივი საზომით პლაჟებამდე ცოტა შორია, თუმცა ეკონომია საგრძნობია.

ყველაზე იაფია ჰოსტელებში გაჩერება – 150 კუნადან დღეში საწოლი საერთო ოთახში. ორადგილიანი ნომერი 3*-იანში 1000 კუნადან დაჯდება. სასტუმროების ალტერნატივაა კერძო აპარტამენტები. ოთახის ღირებულება 150 კუნადან იწყება კომფორტის, სეზონისა და მანძილის მიხედვით.

 

შოპინგი

საუკეთესო სუვენირების დახლები ძველ ქალაქშია, ყველაზე მდიდარი ასორტიმენტია სტრადუნის ცენტრალურ ქუჩაზე. მოდას აყოლილებისთვის იდეალური საჩუქარია აბრეშუმის ჰალსტუხი: მამაკაცის აქსესუარები სწორედაც რომ ხორვატიაშია მოგონილი. ყურადღებას სხვა ორიგინალური ნივთებიც იქცევს: ძველი სარიტუალო ჭურჭლის ასლები ჩიტების ფორმით, რომელიც კერამიკისგან არის დამზადებული, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი თოჯინები, ძველი სასოფლო სახლების მინიატურები, ასევე კირქვისგან დამზადებული ნაკეთობები, რომელიც სხვათა შორის ვაშინგტონის თეთრი სახლის მშენებლობისას გამოიყენებოდა.

უფრო ძვირია ბუმბულის კალმები (ისიც აქ მოიგონეს) და მდიდრული პაჟის მაქმანი (ნაღდ პროდუქციაზე ოფიციალურ სერთიფიკატს იძლევიან).

გურმანებმა უნდა დააგემოვნონ ცხვრის რძისგან დამზადებული მაგარი ყველი, ღვეზელი, ალუბლის ლიქიორი “მარასკინო” და თეთრი ღვინო “მალვაზია“.

მაღაზიები დუბროვნიკში ღიაა 8:00-დან 20:00 სთ-მდე, ტურისტულ სეზონზე 22:00 სთ-მდე (შესვენება 12:00-17:00), დასვენების დღეებში – 14:00 სთ-მდე. მსხვილი სავაჭრო ცენტრები ყოველდღე მუშაობენ 24:00 სთ-მდე.

 

 

რა გავსინჯოთ

დუბროვნიკში ძირითადად ხორვატულ და იტალიურ სამზარეულოს გთავაზობენ, რომელიც გაჯერებულია ზღვის პროდუქტებით, ცხვრისა და ბატკნის ხორცით. მთავარი ადგილობრივი კერძია ხამანწკა სტონის ყურედან და გველთევზები მდინარე ნერეტვადან. ყველაზე პოპულარული პირველი კერძია წვნიანი „მწვანე მენესტრა“ კომბოსტოთი და გამოყვანილი ხორცით. ზღვის პროდუქტებიდან საინტერესოა ნერეტვანის “ბროდეტი” გველთევზათი და ბაყაყებით და შავი რიზოტო მელანთევზით.

ხორცის მოყვარულებმა უნდა გასინჯონ „პრშუტი“, ძეხვი „კულენი“, “შპორკე მაკარულე” (უფრო მარტივად, სპაგეტი შავი ფქვილისგან და ხორცით) და ქათამი ნერეტვანულად კომბოსტოს გარნირით.

ტრადიციული დუბროვნიკული დესერტია „როზატა“ ვარდის სიროფით, რომელიც კრემ-ბრიულეს მოგაგონებთ. ბარების ასორტიმენტშია მაგარი, მაგრამ გემრიელი სასმელები ქლიავის, ყურძნის და კაკლისგან დამზადებული.

 

კაფე და რესტორნები

ყველაზე ძვირიანი რესტორნები ძველ ქალაქშია. ყველაზე ფეშენებელურები მარტო ტურისტულ სეზონზე მუშაობენ (აპრილი-ოქტომბერი). ბიუჯეტური კაფეები სტუმრებს მთელი წელი იღებენ. კარგი ბარები და რესტორნები სანაპიროზეა თავმოყრილი: ახალი ზღვის პროდუქტები თეფშზე პირდაპირ ადრიატიკიდან ხვდება.

ფასფუდში წახემსება 30 კუნადან ჯდება, სადილი არც თუ ძვირ კაფეში – 50-100 კუნა პერსონაზე,  ვახშამი რესტორანში ალკოჰოლით – 250-300 კუნა ორ კაცზე.

დუბროვნიკში არის თევზის სახლები, ტავერნები, წასახემსებლები, თანდათან ჩნდება ვეგეტერიანული კაფეებიც. ყველაზე მეტი პაბი ცოცხალი მუსიკით პლოჩეს კარიბჭესთან ახლოს პატარა მოედანზეა.

 

 

გართობა და ღირსშესანიშნაობები

დუბროვნიკი – ხორვატული ზარდახშაა ძვირფასეულობებით. დიდებული წარსულის არქიტექტურული შედევრები, რომელიც მშვენივრად ჯდება არანაკლებ საამაყო თანამედროვეობაში, ძველ ქალაქში იყრის თავს. თავიდან ის ზემოდან უნდა ნახოთ: საციხო კედლები მე-10 ასწლეულშია აღმართული, მშვენივრად არის შემონახული და თითქმის 2000 მეტრზე მიუყვება. ანსამბლში შედის მინჩეტას კოშკი, წმინდა იონის ბასტიონი, ბოკარისა და რაველინის ციხესიმაგრეები.

თავდაცვითი არქიტექტურიდან მაღალი წრისკენ გადავინაცვლოთ. ერთ-ერთი მონუმენტური შენობაა მე-15 საუკუნის თავადის სასახლე (ანუ რექტორების სასახლე). მისი ფასადი ლაკონურია, გოთიკურ სტილში რენესანსის ელემენტებით და რომაელი იმპერატორების რეზიდენციას მოგაგონებთ. ოდესღაც აქ ადგილობრივი მმართველები ცხოვრობდნენ, დღეს კი ანტიკვარული ავეჯისა და სურათების მუზეუმია.
მთავარი რელიგიური ნაგებობაა ღვთისმშობლის ამაღლების ტაძარი (ტიციანის ნამუშევარი). შთამბეჭდავია ბაროკოს სტილის წმინდა ვლახის ტაძარი.

დუბროვნიკის არტერიაა სტრადუნის ქუჩა, რომელიც ორივე მხრიდან ეფექტური შადრევნებითაა შემორტყმული. ქუჩა საფეხმავლოა და დაახლოებიით 300 მეტრია. აქ მდებარეობს მე-14 საუკუნის ფრანცისკანული მონასტერი, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაინგრა და სამი საუკუნის შემდეგ მთლიანად აღადგინეს.

ონოფრიოს შადრევანი. 1436 წელს მთავრობამ აკვედუკების სისტემის მშენებლობა დაიწყო. ერთ-ერთი არქიტექტორი ონოფრიო ჯორდანო დელა კავა იყო, რომლის სახელსაც ატარებს ეს მშვენიერი შადრევანი.

საექსკურსიო პროგრამაში უნდა შეიტანოთ კუნძული ლოკრუმი, რომელიც ლეგენდებითაა შემოსილი, გარშემორტყმულია პლაჟებით და მთლიანად ფარშევანგების განკარგულებაშია. ლოკრუმის მეტსახელია „დაწყევლილი“. ერთ დროს აქ ბენედიქტიანელების მონასტერი იყო, ხოლო რიჩარდ ლომგული ჩაძირვას გადაურჩა.

ლოვრიენაცის ციხესიმაგრე, ანუ წმინდა ლავრენტის ფორტი, რომელსაც ზოგჯერ „დუბროვნიკის გიბრალტარს“ უწოდებენ. ეს გახლავთ გამაგრებული ნაგებობა და თეატრი და ქალაქის კედლის მიღმა მდებარეობს. ციხესიმაგრე ფრიალო კლდეზე დგას ზღვის დონიდან 37 მეტრ სიმაღლეზე.

 

 

ამინდი

დუბროვნიკში ხმელთაშუა ზღვის კლიმატი და წელიწადში 250 მზიანი დღეა. საცურაო სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება. შემოდგომასა და გაზაფხულზე თბილა, თუმცა წვიმებია, ყველაზე მეტად ცივა იანვარსა და თებერვალში, თუმცა გამყინვარებამდე საქმე არ მიდის. ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, ყველაზე რბილი ამინდია მაისსა და სექტემბერში.

 

კიდევ რა ვნახოთ ხორვატიაში

ხორვატიას ადრიატიკის გულს ტყუილა როდი უწოდებენ: ეს არის საოცარი ქვეყანა თვითმყოფადი კულტურით, ლამაზი ბუნებრივი პეიზაჟებითა და მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლებით.

ხორვატია ცნობილია თავისი ნაციონალური პარკებით, რომელთა შორის ყველაზე მონახულებადია „პლიტვიცეს ტბები“. მასში 16 ტბაა, რომლებიც სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს. ისინი ერთმანეთს ერწყმის და შესანიშნავ ჩანჩქერებს ქმნიან.
პლიტვიცე დუბროვნიკიდან დაახლოებით 5 საათის სავალზეა. სპლიტიდან 2 საათი უნდა.

არანაკლები სილამაზეა კრკას ეროვნულ პარკში, სადაც ასევე ნახავთ ჩანჩქერის ლამაზ პეიზაჟებს, ქვის ჭორომებს და ტბებს. ბუნების გარდა აქ შუასაუკუნეების მონასტრებითაც დატკბებით.

კიდევ ერთი ბუნებრივი სასწაულია არქიპელაგი ბრიონი, რომელიც რამდენიმე მცირე კუნძულისგან შედგება ისტრიის დასავლეთ სანაპიროზე.
საერთო ჯამში, ხორვატიაში შვიდი ეროვნული პარკი, ათასზე მეტი სხვადასხვა ზომის კუნძული, ასობით გამოქვაბული ითვლება.

ხორვატია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანაა. ას კილომეტრიან რადიუსში შეხვდებით ზღვას, კლდეებს, ტყეს, მდელოებს.

ხორვატიის კულტურული ღირსშესანიშნაობები ძირითადად კონცენტრირებულია სპლიტსა და დუბროვნიკში. სპლიტში შეგიძლიათ ნახოთ სახელგანთქმული დიოკლეტიანეს საიმპერატორო სასახლე. ის საკმაოდ კარგადაა შემონახული, მაგრამ სასახლეს ნაკლებად უწოდებ, უფრო ძველი ქალაქია.

ციხესიმაგრე კლისი ტურისტების უყურადღებობას არ უჩივის: კლდიდან, სადაც აგებულია ციხესიმაგრე, გასაოცარი ზღვის პეიზაჟები იშლება.

ხორვატულ ზადარში დასვენებისას ალფრედ ჰიჩკოკი ამბობდა, რომ აქ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მზის ჩასვლაა.

შუასაუკუნეების ციხესიმაგრეები ქვეყნის კიდევ ერთი სიამაყეა: ბოგენშპერკი, ფრიდიხშტეინი, ხმელნიკი, ჟუჟემბერკი, ოტოჩეცი – ეს პოპულარული ციხესიმაგრეების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

და კიდევ: სწორედ ხორვატიაშია მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალაქი. ეს გახლავთ ჰუმი, სადაც ოფიციალურად მხოლოდ 17 ადამიანი ცხოვრობს მერის ჩათვლით. ქალაქი ისტრიის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.

 

ესენიც სანახავია

პულა

პულა ისტრიის ნახევარკუნძულის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. დუბროვნიკიდან საკმაოდ შორია, 700 კმ-ზე მეტია.

 

ამფითეატრი
პულა, Scalierova, 30

პულას მთავარი და საერთოდ მთელი ქვეყნის ისტორიული ღირსშესანიშნაობა. დიდებული ძველრომაული ამფითეატრი ჩვ.წ.აღ-მდე 1 საუკუნისაა, რომელსაც ადგილობრივები უბრალოდ არენას უწოდებენ. ის მსოფლიოში სიდიდით მეექვსე ამფითეატრია.

 

არქეოლოგიური მუზეუმი

რთულია მას მხოლოდ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი უწოდო, ის რეგიონალური მასშტაბის დაწესებულებაა და ტურისტებს არა მარტო ქალაქის, არამედ მთელი ისტრიის ნახევარკუნძულის ისტორიას მოუთხრობს.

 

კაშტელის ციხესიმაგრე
პულა, Gradinski uspon 6

ევროპული ქალაქი რა არის თუ საკუთარი ციხესიმაგრე არ აქვს? პულას თავდაცვითი ნაგებობა შორიდანვე ჩანს, რადგან ბორცვზე, 34 მ სიმაღლეზეა აგებული. მუზეუმი ყოველდღეა ღია და 20 კუნა ღირს.

 

სპლიტი – (იტალ. Spalato) – ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი (დედაქალაქ ზაგრების შემდეგ). ცნობილი საკურორტო რეგიონის ცენტრი. მდებარეობს ადრიატიკის სანაპიროს ცენტრალურ ნაწილში, ზადარსა და დუბროვნიკს შორის. დუბროვნიკიდან სპლიტამდე დაახლოებით 250 კმ-მდეა.

ძველრომაული ქალაქი სალონა
სპლიტი, Solin

სპლიტიდან 5 კმ-შია კეისრის მიერ დაარსებული ძველრომაული ქალაქი, რომელიც ერთ დროს ავარებისა და სლავების ტომებმა დაანგრიეს, თუმცა ნანგრევებთან შეხება დღეს ყველას შეუძლია.

 

მეკობრეების ქალაქი ომიში
სპლიტი, Omis

ეს ძველი საპორტო ქალაქი სპლიტიდან 25 კმ-შია, სადაც ზურმუხტოვან-მწვანე მდინარე ცეტინა ადრიატიკის ზღვას ხვდება. სხვადახვა დროს მას სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ (ონეუმი, ალმინიუმი, ალმისიუმი), მე-15 საუკუნეში კი ვენეციის რესპუბლიკის ძალაუფლების ქვეშ მოექცა.

 

კორნატი

ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ლანდშაფტია. მით უმეტეს, თუ სიმაღლიდან გადმოხედავთ.

 

მოტოვუნის სიხესიმაგრე

მოტოვუნი – ნაკლებად ცნობილი ქალაქი-ციხესიმაგრეა ისტრიის ნახევარკუნძულის შუაგულში, რომლის მოსახლეობა 1000 ადამიანს არ აჭარბებს. მდებარეობს თვალწარმტაც გორაკზე, ხელუხლებელ ბუნებაში. პულადან დაახლოებით 50 კმ-შია.

 

კუნძულ მლიეთის ეროვნული პარკი

ხორვატიის ყველაზე ტყით დაფარული კუნძული, სადაც ხეებს ხმელეთის 70% უკავია. 1960 წლის 12 ნოემბერს „მწვანე კუნძულზე“ ოფიციალურად გაჩნდა მლიეთის ეროვნული პარკი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g