26 ნოემბერს რადიოს „არ დაიდარდო“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერლები გოგა მესხი, ქეთი ჭანტურიძე და გიტარისტი პაატა გაბუნია ესტუმრნენ და საერთო ნამუშევრით წარდგნენ მსმენელის წინაშე.
-გოგა, სანამ თქვენს დუეტზე ვისაუბრებდეთ, სიმღერის „მელიქიშვილის გამზირი“ ახლებურ ვერსიაზეც მოგვიყევი…
-ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ზურა დოიჯაშვილი, მის ხელში გავიზარდე და ჩემი უფროსი მეგობარი იყო. პატივისცემის და სიყვარულის ნიშნად გადავწყვიტე ჩამეწერა ეს სიმღერა და მისთვის მიმეძღვნა. ძალიან მოხარული ვარ, რომ კარგი გამოხმაურება აქვს იმიტომ, რომ ძალიან საფრთხილოა უკვე არსებული სიმღერის მღერა.
– ვინ იმუშავა ამ ვიდეო რგოლზე?
გოგა: – სიმღერა ზურა მახნიაშვილის სტუდიაში ჩაიწერა, ვერსია ზაზა წურწუმიასი გახლავთ, საყვირი – გიორგი ცხვარიაშვილი, ელექტრო გიტარაზე -კაკო ვაშალომიძე. კლიპი გადაიღეს ბექა გაჩეჩილაძემ და ბექა შაკაშვილმა.
-კოლეგებმა,მუსიკოსებმა როგორ შეაფასეს ეს ნამუშევარი და როგორი გამოხმაურება მოყვა გულშემატკივრებისგან?
-ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდა კლიპს და მე პირადად ცუდი კომენტარი არ წამიკითხავს. სიმღერაში ალბათ, იგრძნობა პატივისცემა და გულწრფელობა.

-გოგა და ქეთი ჩვენს გადაცემაში დუეტით მოხვედით, სიმღერა სახელწოდებით “დავბრუნდები“. ვისაუბროთ სიმღერის შესახებ…
გოგა: -ეს არის ჩვენი ერთობლივი მეორე ნამუშევარი. ჩემი დიდი ძალისხმევის შედეგად დავიწყეთ ამ სიმღერაზე მუშაობა. სიმღერის ჩაწერის იდეაც ჩემი გახლდათ. ტექსტის ავტორი ზურა მანაგაძეა.
ქეთი: არანჟირებაზე იმუშავა ზურა მახნიაშვილმა, რომელთანაც უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ.
-ხომ არ ფიქრობთ ზოგადად დუეტად ჩამოყალიბებას?
ქეთი: -შეიძლება ითქვას, რომ დუეტად უკვე დიდი ხანია ჩამოვყალიბდით, რადგანაც დიდი ხანია რესტორანში დუეტში ვმღერით, სწორედ ამიტომ დაგვებადა ერთობლივი სიმღერის ჩაწერის იდეა.
გოგა: როცა ადამიანი არაჩვეულებრივად მღერის დანაშაულია, რომ არ წარსდგეს ფართო საზოგადოების წინაშე, ამიტომ დიდი ძალისხმევის შედეგად მაინც გავიტანე ჩემი და დავითანხმე ქეთი სიმღერის ჩაწერაზე.
-მესამე დუეტსაც ხომ არ გეგმავთ?
ქეთი: – ჯერ-ჯერობით არა.
გოგა: მგონი დროა ქეთიმ სოლო კარიერაზეც იფიქროს.
გოგა მესხი & ქეთი ჭანტურიძე – დავბრუნდები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გოგა მესხი, ქეთი ჭანტურიძე & პაატა გაბუნია – ჩემი გული, შენი გული. Live
გოგა მესხი, ქეთი ჭანტურიძე & პაატა გაბუნია.
ფოტოები





