ლაურეატების ვინაობა „ივენთ ჰოლში“ გამოვლინდება. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 24 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება. ხუთი წევრისგან შემდგარი ჟიური ნომინირებულ სპექტაკლებს ორი თვის განმავლობაში აფასებდა.
„დურუჯი 2014-2015“ გაიცემა შემდეგი ნომინაციებისთვის:
• საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – 14.000 ლარი;
• საუკეთესო მსახიობი ქალი – 2.000 ლარი;
• საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – 2.000 ლარი;
• სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – 2.000 ლარი.
გარდა ამისა, ჟიური გამოავლენს საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორს, რომელსაც გადაეცემა კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი – 10.000 ლარი.
ცვლილებაა „დურუჯის” დებულებაში. ამიერიდან, პრემიის პრეტენდენტის წარდგენა შეუძლია ყველა სახელმწიფო ან კერძო პროფესიულ თეატრს, გარდა სახალხო თეატრებისა.
„თეატრთმცოდნეების ინფორმაციით, 2014-2015 წლის თეატრალური სეზონი, უკანასკნელი წლების განმავლობაში, გამორჩეულად მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ „დურუჯის“ კომპეტენტურ ჟიურის წელს კიდევ უფრო რთული ამოცანა ექნება, რასაც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს არჩევა ჰქვია. გარდა ამისა, თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, წელს საკმაოდ დატვირთული და დინამიკური სამუშაო პროცესი გველის“, – ამბობს პრემია „დურუჯის“ და საქველმოქმედო ფონდ „ცისკარის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თეატრალური პრემია ყოველ წელს გაიცემა და მისი ორგანიზატორი გახლავთ საქველმოქმედო ფონდი „ცისკარი“, დაჯილდოვების ცერემონია „რედიქსის“ ხელშეწყობით ტარდება.