„ვივამედის“ დირექტორი, ნინო ნადირაძე „პრაიმ ტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, შვილიშვილთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს.
ნინო ნადირაძე ემოციურად ჰყვება შვილიშვილის თავს გადამხდარ ამბავს, რა დროსაც პატარამ ბაღში სათამაშო მაგნიტები გადაყლაპა. ნადირაძე ამბობს, რომ ურთულესი პერიოდი გამოიარა მისმა ოჯახმა:
„17 თუ 18 სათამაშო მაგნიტი ჰქონდა ჩაყლაპული, რომლებიც შემდეგ ერთმანეთთან სამაჯურივით გაერთიანდნენ ნაწლავები მოექცა და წავიდა 4 ადგილზე ნაწლავების პერფორაცია ანუ გახვრეტა, პერიტონიტი, სეფსისი – მოკლედ ძალიან ძაფზე ვეკიდეთ, ვცხოვრობდით იაშვილის კლინიკაში 2 კვირა…
ჩვენთან კლინიკაში არ არის ბავშვთა განყოფილება, ვემსახურებით სრულწლოვანებს და ჩემთვის ბავშვებთან ურთიერთობა იმდენად, რამდენადაც ძლიერი და მაგარი ვარ, როდესაც ბავშვს ეხება , იქ უმწეო ვხდები…
მართლა გვაჩუქეს ჩვენი პატარა და ჩემთვის იაშვილი არის სალოცავი კლინიკა, ამიტომ მე არ მესმის იმ ხალხის ვინც აუცილებლად საზღვარგარეთ…
თქვენ არ იცით იქ რა ხალხი მუშაობს, რანაირი „სტაფია“, ექთანი, სანიტარი… ზვიადის და მაცაცოს შესრულებული ეს უნიკალური ოპერაცია თავისთავად… ბავშვი ფაქტობრივად გვაჩუქეს… ამ დროს როგორი გადაფასება მიდის ყველაფრის, ყველა პრობლემა უფერულდება… თუ შეატყობთ ნაკლებად ვდებ სტატუსებს, ნაკლებად ვაქტიურობ, იმდენად მიჩერებული ვარ ამ ბავშვზე, რომ ფაქტობრივად ყველაფერმა დაკარგა ჩემს ცხოვრებაში აზრი… ახლა ღმერთის წყალობით მინდა, რომ კარგად იყოს…“ – ამბობს ნინო ნადირაძე.
ნინო ნადირაძემ ამ თემაზე „იმედის“ ეთერშიც ისაუბრა და იაშვილის კლინიკის თანამშრომლებს მადლობა კიდევ ერთხელ საკუთარი გადაცემიდან გადაუხადა. მედიკოსმა სტუმარს, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, ივანე ჩხაიძეს მიმართა:
„ჩემთვის ბატონი ვანო არის ჩემი იმედი, რაღაცა რომ მაქვს სასწრაფოდ მიშველეთ, არიქა და რომელი საათიც არ უნდა იყოს დღის, ღამის არ არსებობს, რომ არ გიპასუხოს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემი პატარა მაჩუქეთ თავიდან…“ – მიმართა ნინო ნადირაძემ ჩხაიძეს.
