LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან ადრე წამართვეს შენი თავი და დამტოვეს მარტო, დაგლეჯილი სულით, სულ იქნება პასუხგაუცემელი, საშინელი კითხვა – რატომ და რისთვის?!” – ელენე ფოჩხუას ემოციური პოსტი გარდაცვლილ ძმაზე

2866
ფოჩხუა

მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა. ტრაგიკულ დღეს მისი და, მომღერალი ელენე ფოჩხუა ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

“მტკივა, მანგრევს, როცა მახსენდები და ეს ჩემი ყოველდღიურობაა, ჩემი გულის და სულის ნაწილი ხარ, დღემდე შენი, სიცოცხლეშივე გაზიარებული ენერგიით დავდივარ და ვმოქმედებ. შენ ხომ ჩემთვის ერთადერთი და განუმეორებელი იყავი, ძმა – არა, ძმაზე, ყველა ახლობელზე მეტიც, ჩემი დარდის, ტკივილის, წარმატების, ბედნიერების, სიხარულის და წუხილის თანამონაწილე და მოზიარეც, შენ ხომ სულ გვერდით მედექი, არც არასოდეს დამიშვია, არც შეიძლებოდა მეფიქრა, რომ ეს როდისმე ასე არ იქნებოდა, თუმცა ძალიან ადრე წამართვეს შენი თავი, წამართვეს და დამტოვეს მარტო, დაგლეჯილი სულით, სიცოცხლით და არსებობით…

ახლაც გავუდგები გზას ზუგდიდისკენ, მთელი გზა ემოციებს ისევ ვერ მოვთოკავ, წამიერად ისევ გაჩნდება ყველაზე უიმედო და არარეალური იმედიც… მაშინაც ასე იყო, მოვდიოდი და მეგონა, ცოცხალი დამხვდებოდი, ასე ვაჯერებდი თავს, მაგრამ როცა პასუხი აღარ გამეცი, მივხდი, რომ ყველაფერი დაცარიელდა, განაცრისფრდა და გასაცოდავდა…

მერე? მერე ისევ მოვიკრიბე ძალა, ისევ წამოვდექი, შენც ასე გენდომებოდა და იმიტომ. შენ წახვედი, მაგრამ ბედნიერება დაგვიტოვე შენი შვილით, რომელიც მას შემდეგ, უშენობას გვაძლებინებს. ყველა, ვისაც გვიყვარდი და სულ გვეყვარები, იმ დღეს ველოდებით, როცა ერთმანეთს ისევ შევხდებით, იქამდე კი ამქვეყნიურობაა, რომელიც ისე უნდა გავლიოთ, როგორც შენ მოინდომებდი.

სულ გესაუბრები დაუსრულებლად, მაგრამ მაინც სულ რაღაც მრჩება სათქმელი, სულ ტკივილი ხარ, ვერაფერი რომ ვერ უშველის ისეთი, მაგრამ მაინც ვიღიმი, ჩემი დარდი მხოლოდ ჩემია და იმიტომ, რომელსაც მარტო შენ გაიგებ და მიხვდები.

მენატრები და მიყვარხარ ისე, როგორც 10 წლის წინ და ასე იქნება სულ, ისევე როგორც სულ იქნება პასუხგაუცემელი, საშინელი კითხვა – რატომ და რისთვის?!”, – წერს ელენე ფოჩხუა.

მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა 2012 წლის 13 ივლისს, ანაკლიაში გარდაცვლილი იპოვეს. მისი მკვლელობის საქმეზე ბექა ცობეხია დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები