5 დეკემბრის საღამოს, საკუთარ სახლში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავების შემდეგ, მსახიობის დედამ, ლიკა გუნცაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში შვილის დაკავების დეტალებზე ისაუბრა.
მან ანდროს მეგობრებს, მსახიობებს, რეჟისორებს და მოქალაქეებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ანდროსთან და ოჯახთან ერთად თავადაც დადის საპროტესტო აქციებზე.
„ანდრო სახლში დავტოვე, რაღაც პროექტზე მუშაობდა. ვუთხარი, ერთ საათში დავბრუნდები-მეთქი, ჩემს საქმეებს რომ მოვრჩი, ძალიან ბევრი ადამიანის გამოტოვებული ზარი იყო შემოსული, ცოტა გამიკვირდა, უკვე სახლთან რომ ვიყავი მოსული, დამირეკეს და მითხრეს, რომ ანდრო დაიჭირეს.
შემოვედი ეზოში და დამხვდა, ალბათ, 60 პოლიციელი, ეზო სულ გადაშავებული იყო კამერებით. ანდრო ჯერ გამოყვანილი არ ჰყავდათ, ძალიან ავღელდი, შევვარდი, ვყვიროდი, მეგონა, მეზობლები გამოიხედავდნენ და რაღაცას ვუშველიდი…
ამასობაში ანდრო ხელბორკილებით გამოიყვანეს. ბოლოს მითხრა: „დედა არ ინერვიულოო“. სამმა პოლიციელმა შემიყვანა სადარბაზოში და მითხრა, ახლავე აგიხსნით, რატომ ვაკავებთო, თუმცა არაფერი ამიხსნეს და გავიდნენ სადარბაზოს უკანა გასასვლელიდან.
ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ზარი ვიღაც გოგომ დარეკა, ანდრომ გააღო კარი და გარეთ ბევრი პოლიციელი იყო, აგრესიულები არ იყვნენო. უთხრეს, რომ ბრალი ორგანიზებაშიო გედებაო… რომელი თავდამსხმელი ანდროა? დიახ, დგას მიტინგზე, დიახ, მეც ვდგავარ მიტინგზე, ჩემი ოჯახის ყველა წევრი და ვებრძვით უსამართლობას. ანდრო რომც არ წავიდეს მიტინგზე, ვეტყვი, რომ წავიდეს, იმიტომ, რომ სხვისი ხელით ამ საქმის გაკეთება არ შეიძლება…
ანდრო არასდროს არაფერში შემჩნეული არ იყო, ერთი ჯარიმაც კი არ აქვს, არ არის გამორჩეული აგრესიულობით…
მე უფრო აქტიური ვარ, ვიდრე ანდრო. მე ჩემზე უფრო მქონდა მოლოდინი, ვიდრე ანდროზე. ვიცი, რომ არის მხნედ, არ არის ნაცემი. მინდა ჩემი შვილი მალე ვნახო
შეგახსენებთ, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საკუთარ სახლში 5 დეკემბერს აიყვანეს. დაკავებამდე მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.