„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში და მათ ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება განმარტა, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება.
„თქვენ იცით სამშობლოს ღალატის შესახებ მუხლის ისტორია: 2008 წელს, ომის დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტში დააინიცირეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სამშობლოს ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას. ომის დასრულებიდან ერთ თვეში შესაბამისი კანონი მიიღეს. აშკარაა, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეშინოდათ სამშობლოს ღალატის მუხლის. ეს ყველაფერი პირდაპირ იყო დაკავშირებული 2008 წელს ომის დაწყებასთან. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აღდგეს შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კანონმდებლობაში იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იზრუნოთ პრევენციაზე, რაც სამშობლოს ღალატის დანაშაულის ჩადენას უკავშირდება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში და მათ ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“,-განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერმა მმართველი გუნდის მიერ დაინიცირებულ სხვა კანონპროექტებზეც ისაუბრა, რომელიც მათ შორის, მედიასაც ეხება. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის მიიღო.
„სინამდვილეში,ეს არის „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტი. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის კანონმდებლობით და ამას ემსახურება თითოეული ის კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაინიციირდა, ეს ეხება, მათ შორის “გამჭვირვალობის შესახებ კანონს”, სადაც კიდევ უფრო მეტი სიმკვეთრე არის საჭირო იმისთვის, რომ ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება. იგივე ეხება ნებისმიერ სხვა კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა. ჩვენ ყოველგვარი საფრთხისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ამისთვის დღეს ყველანაირი რესურსი გვაქვს და ამისთვის მიღება ის კანონები, რომელიც არის დაინიცირებული“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება „სამშობლოს ღალატის“ მუხლი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მუხლი თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო კოდექსიდან.