LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ძალიან ბობოქარი, ქარიშხლიანი სიყვარული გვქონდა… ხანდახან მთელი დარბაზის ბილეთებს ყიდულობდა და მხოლოდ მას ვუტარებდით კონცერტებს” – რუსა მორჩილაძე ,,არტ-Fm”-ში

188
rusamorchiladzeartfm

გადაცემის ლაივი LIVE

15 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს  სიმღერის პრემიერით კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე ესტუმრა.

– რუსა, მოესალმებით და დიდ მადლობას გიხდით სტუმრობისთვის

– მადლობა თქვენ, ეს სივრცე ჩემს ოჯახად მიმაჩნია და ყველა თანამშრომელი ძალიან მიყვარს, მადლობა „ფორტუნას“.

– მინდა მსმენელს მივაწოდო გარკვეული დეტალები თქვენი ბიოგრაფიიდან. 6 წლის ასაკიდან სცენაზე დგახართ, სწავლობდით არაერთ კორიფესთან, მათ შორის იყვნენ გია ყანჩელი, რობერტ სტურუა, ჯანო კახიძე და ა.შ. ხართ 4000-ზე მეტი სიმღერის ავტორი…

– სიმართლე გითხრათ ასე უკვე აღარ ვითვლი ჩემს სიმღერებს და ეს რიცხვი ცოტათი მეც მაღიზიანებს. სხვებისთვისაც ალბათ არ არის ნორმალური ის ფაქტი, რომ  სიმღერების ეს ოდენობა ერთმა ადამიანმა შექმნა.

– რუსა, როგორც ვიცი გიყვართ საინტერესო და სწორი ენერგეტიკის მქონე მუსიკა და სწორედ ასეთი მუსიკა იქმნებოდა კვარტეტ „თოლიაში“, სადაც ლელა წურწუმია გაიცანით. ამას მოჰყვა მრავალი დუეტი და ახალი სიმღერა, „თოლიამ“ კი პირველმა შეასრულა „იები“, რომელიც დღეს ნინო ქათამაძის სავიზიტო ბარათია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰიტების შემოქმედი ხართ და საზოგადოებაც ძირითადად ისე გიცნობთ, როგორც კომპოზიტორს, მაგრამ თქვენ უფრო როგორ ხედავთ თქვენს თავს: როგორც კომპოზიტორს, როგორც მომღერალს თუ როგორც მუსიკოსს?

– პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მუსიკასთან ჩემი ურთიერთობა არ დაწყებულა მუსიკალურ სასწავლებელში. ეს დაიწყო ჩემს ოჯახში, სადაც ყველა მღერის. ბებიები, ბაბუა, ბიძები, მამაჩემი, ჩემი ძმა, ყველა ფანტასტიურად მღეროდა. 4 წლის ასაკიდან სცენაზე ვარ, ვმონაწილეობდი ოლიმპიადებში, კონცერტებში… მყავდა საუკეთესო მასწავლებლები, ამით მართლა ვამაყობ. ჩემი მასწავლებლები იყვნენ მზია თევზაძე, ლენა არაქელოვა, მორის მარიამული, შემდეგ მოვხვდი კოტე მშვიდობაძესთან, ლია ლომიაშვილთან, გივი მუჯრიშვილთან… შემდეგ იყვნენ უკვე ისეთი კორიფეები, როგორებიც არიან გია ყანჩელი, ჯანი კახიძე, რობერტ სტურუა… ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსენდება ჩემი ბავშვობიდან. ბუნებრივია როცა თავიდანვე ასეთი ადამიანები გასწავლიან და ასეთ ხარისხს ეხები, თამასის ჩამოწევა აღარ გსურს. ვთანამშრომლობდი მუსიკისა და დრამის თეატრთან, რომელიც ჩემი უსაყვარლესი ადგილია, დოი ძმასავით მიყვარს, ერთად მუშაობით ძალიან ბედნიერები ვართ, გვსიამოვნებს სამუშაო პროცესი და ერთად ვტკბებით წარმატებით…

– და მაინც, თქვენთვის სიმღერა უფრო მნიშვნელოვანია თუ სიმღერებზე მუშაობა?

– მე ჩემი კარიერის დასაწყისში მომღერალი ვიყავი. რაც ჩემი თავი მახსოვს, ვმღერი, სცენაზე ვდგავარ. ერთადერთი, რაც არ გამომივიდა, ცეკვა იყო. ბავშვობაში დედაჩემს ცეკვაზე დავყვადი, მაგრამ საბოლოოდ მაინცდამაინც არ გამომივიდა.

– თუმცა მოგვიანებით უკვე პროექტში იცეკვეთ..

– დიახ,მოგვიანებით „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გავაკეთე. ეს ტური, სუხიშვილების, ჩემი დაჟინებული თხოვნით შემოვიდა ამ პროექტში და ამით ვამაყობ. ამის შემდეგ სხვადასხვა პატარა ქვეყნებში, სადაც ეს პროექტი ხორციელდება, გადაიღეს ჩვენი პრაქტიკა და გააკეთეს ნაციონალური ცეკვის ტური.

– მოდი გავაგრძელოთ პროექტებზე საუბარი. 1994-95 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობდით პროდუსერად გადაცემებისა „ოქროს მუზა“ და „იდეა“. ასევე „სლავური ბაზრის“ საქართველოს წარმომადგენელი და პროდუსერი იყავით, შემდეგ უკვე „ვოისის“ პროდუსერი. მონაწილეობდით ძალიან ბევრ პროექტში და იყავით ძალიან ბევრი პროექტის იდეის ავტორი. ვიცით, რომ ხართ თბილისის მერიის მრჩეველი კულტურის საკითხებში. რაზე საუბრობთ ხოლმე მერთან, რა რჩევებს აძლევთ?

– ჩემი კომპეტენციის საკითხებში ძირითადად საკონცერტო საკითხები და შოუ-ბიზნესის მიმართულებაა. იქნება ეს თბილისობა თუ საახალწლო კონცერტები. განვიხილავთ სადღესასწაულო ღონისძიებების ფორმატს, უნდა იყოს ეს დიდი კონცერტი თუ პატარა…

– როგორ იგეგმება დიდი კონცერტები და თუ ყოფილა შემთხვევა, როცა რომელიმე მომღერალს გამოუხატავს უკმაყოფილება, რადგან ვერ მოხვდა დიდი კონცერტის მონაწილეთა სიაში?

– დიახ, სამწუხაროდ ასეთი შემთხვევა ბევრი ყოფილა. თუმცა შემიძლია გულზე ხელი დავიდო და გითხრათ, რომ როცა მერიის ეგიდით არის კონცერტი, ხშირად ეს კონცერტი იმისთვის ტარდება, რომ მომღერლებს, რომლებიც ზარალდებიან სხვადასხვა მოვლენების გამო, მაგალითად ამ შემთხვევაში პანდემიის გამო, მიეცეთ საშუალება ერთგვარად შეიმსუბუქონ მდგომარეობა. თუმცა ცხადია აბსოლუტური არაფერია და ისეც ხდება, რომ რომელიმე მომღერალი კონცერტში არ მონაწილეობს. გარდა ამისა, არსებობს კონცერტები, რომლებსაც კონკრეტული კონცეფცია გააჩნია. მაგალითად, თბილისობაზე – კონცერტს ჰყავს რეჟისორი, პროექტის ხელმძღვანელი, მუსიკალური ხელმძღვანელი. როცა ყველაფერი თეატრალიზებულია, ერთ როლზე ხომ ვერ აიყვანენ ას ადამიანს…  მე ყველასი მესმის, ყველას უნდა იყოს რეალიზებული, მაგრამ უნდა ვიყოთ ობიექტურები. ობიექტური თუ იქნები და გულახდილად ეტყვი ადამიანს, რატომ არის კონკრეტულ როლში სხვა და არა ის, ეს ადამიანი განაწყენდება. როცა ადამიანის განაწყენებას ერიდები, თავად ვარდები უხერხულ მდგომარეობაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვცდილობთ მერიის ეგიდით ორგანიზებულ კონცერტებში რაც შეიძლება მეტმა მომღერალმა მიიღოს მონაწილეობა.

– არ შემიძლია არ გკითხოთ პირადი ცხოვრების შესახებ. ყოველთვის გვესმის, რომ არსებობს ადამიანი, რომელთანაც გაკავშირებთ 30 წლიანი ურთიერთობა, სახელად აჩიკო. გყავთ შესანიშნავი ვაჟი გიგი, რომელიც გეოლოგია. მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ისტორია..

-ყველაფერი ძალიან რომანტიკული იყო. ჩემი მეუღლე გასტროლებზე მაცილებდა ხოლმე ყვავილებით. მაშინ ძირითადად მატარებლით დავდიოდით გასვლით ტურებში. ყველა ქალაქში, სადაც მატარებელი ჩერდებოდა, ჩემთვის მისი საჩუქრები მოჰქონდათ. ძალიან ბობოქარი, ქარიშხლიანი სიყვარული გვქონდა. ხანდახან მთელი დარბაზის ბილეთებს ყიდულობდა და მხოლოდ მას ვუტარებდით კონცერტებს. ბუნებრივია, ჩვენს შორის ყოფილა კონფლიქტებიც, თუმცა საბოლოოდ ჩემი ხასიათი სწორედ ამ სიყვარულმა ჩამოაყალიბა.

– თუ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში მომენტები, როცა სიყვარულის გამო სიგიჟე ჩაგიდენიათ, ან გიფიქრიათ, რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს?

– რამდენჯერაც გინდათ, თუმცა ამაზე საქვეყნოდ საუბარს არ ვაპირებ. ერთს ვიტყვი, ჩემი აზრით ნამდვილი სიყვარული კონფლიქტების და ქარიშხლის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ის ყოველ წელს იცვლება და სხვა ფერს იძენს…

– თუ ყოფილა რაიმე პროფესია, რისი დაუფლებაც გსურდათ, მაგრამ მეუღლის ან შვილის გამო უარი თქვით?

– დიახ, მსახიობობა მინდოდა,თუმცა თავიდან მამაჩემმა შემიშალა ხელი, შემდეგ კი უკვე გარემოებებმა. 90-იან წლებში სცენაზე ასვლა კარგ ტონად არ ითვლებოდა, ამიტომ ვერ გავრისკე… თუმცა საბედნიეროდ დღეს ყველა ჩვეულებრივ ვმღერით და ვდგავართ სცენაზე…

– თქვენ უამრავ მომღერალთან გაქვთ ურთიერთობა, ბევრთან მეგობრობთ. თუ ყოფილა თქვენს რომელიმე მეგობარ მომღერალსა და თქვენს შორის კონფლიქტი სიმღერის გამო?

– დიახ, რასაკვირველია. ჩვენი პროფესია არ მიეკუთვნება ისეთი პროფესიების რიცხვს, სადაც ადვილად მიიღწევა რამე ან ბევრი უნდა დაუთმო სხვას. ქართველებს მით უმეტეს გვაქვს ემოციების გამოხატვის პრობლემა. ყველას აქვს ამბიცია. ზოგს საფუძვლიანი, ზოგს უსაფუძვლო. კონფლიქტები ყოფილა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი უნდა მოგვარდეს. საბედნიეროდ დიპლომატიური უნარები მაქვს და წლებთან ერთად ვისწავლე, როგორ მივუდგე ადამიანებს ისე, რომ ყველაფერი მოგვარდეს და ერთმანეთი არ დავკარგოთ.

– ჩემთვის ცნობილია, რომ კულინარიით ხართ გატაცებული და ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებთ, თუმცა გარეგნულად არ გეტყობათ ჭამის სიყვარული.

– იმიტომ, რომ ხშირად არ ვამზადებ. მაგრამ როდესაც მეგობრები მოდიან, ვამზადებ რამე გემრიელს და გვიანობამდე ვართ შეკრებილები. კაფეებში და ხალხმრავალ ადგილებში სიარული არ მიყვარს, სამაგიეროდ ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა. ეს ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

– წლებია ხართ კომპოზიტორი, მომღერალი, პროდუსერი. როგორ ფიქრობთ, არის ეს ის საქმიანობები, რომელიც ადამიანს სტაბილურ შემოსავალს მოუტანს?

– ჩვენი ბაზარი არ არის ამერიკული ან რუსული ბაზრის მსგავსი, სადაც ერთი სიმღერა შეიძლება დიდხანს ტრიალებდეს. ჩვენი ბაზარი ძალიან პატარაა, ინფრასტრუქტურა განუვითარებელი. ძალიან ბევრ ქალაქში კონცერტს ვერ ჩაატარებ, ელემენტარულად დარბაზი არ არის ამ ქალაქებში, თუმცა სხვაგან კი არა, თბილისშიც არის ეს პრობლემა. გარდა ამისა, ქართველებს მალე ბეზრდებათ სიმღერები და ახალ სიმღერას ითხოვენ. ხშირად მიწევს ახსნა, რომ ახალი სიმღერა ორ თვეში ერთხელ არ იწერება. ასე რომ არა, ეს არ არის საქმე, რომელსაც საქართველოში სტაბილური შემოსავალი მოაქვს.

– ვისაუბროთ 25 სექტემბრის კონცერტზე. იმართება თქვენი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ჩვენთვის საყვარელი მომღერლები მიიღებენ…

საღამო შუაგულში, წეროვანის ტერიტორიაზე გაიმართება. მასში მონაწილეობას ჩვენი საყვარელი ვარსკვლავები მიიღებენ, მათ შორის: ლელა წურწუმია, აჩიკო მეფარიძე, ნოდიკო ტატიშვილი, ნინი ქარსელაძე, ნუცა ბუზალაძე, ნინო ჩხეიძე, გელა გნოლიძე თავის გოგონებთან ერთად…

– გვითხარით სიმღერის იმ ვერსიის შესახებ, რომლის პრემიერადც რამდენიმე წუთში შედგება „ფორტუნას“ ეთერში…

ძალაინ ჩქარა და უცბად გადაწყდა, მე და გელა შევხვდით გონიოში 5 წუთით, მოვიფიქრეთ და გადაცემისთვის სიმღერის ეს ვერსია ასე გაკეთდა, ძალიან სწრაფად. ბევრი არ გვიშრომია ნამდვილად.

– რა არის თქვენი ოცნება, მიზანი…

– ვიცხოვრო მშვიდად, ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ ბედნიერი, უდარდელი და ჯანმრთელი და ცუდი არ გავიგო არავიზე. მინდა ჩვენი ქვეყანა ფეხზე მალე დადგეს და კარგად ვიყოთ… უახლოეს მომავალში კი მინდა, ყველამ განვაგრძოთ აქტიურობა მიუხედავად პანდემიისა. ახლა გაჩერების დრო არ არის. მე ყველა მომღერალს ხელს შევუწყობ ამაში…

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები