LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ძალიან დამაკლდა ადამიანებთან სიახლოვე და უშუალო ურთიერთობა, მომენატრა კონცერტები და ხალისიანი პუბლიკა” – სოფო ბათილაშვილი გადაცემაში „არტ-FM“

60
sofobatilashvili201223

გადაცემის ლაივი LIVE

22 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მომღერალი სოფო ბათილაშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

– სოფო, რამდენად კმაყოფილი ხარ 2020 წლით და რას ისურვებ 2021-ში?

– უამრავი ნეგატიურის მიუხედავად, 2020 წელსაც ჰქონდა თავისი დადებითი მხარეები, რისთვისაც მადლიერი უნდა ვიყოთ, კეთილად გავაცილოთ და აუცილებლად იმედით, მეტი შემართებით და ოპტიმიზმით შევხვდეთ ახალ წელს. რა თქმა უნდა, 2021-ში ვირუსის დამარცხებას ვისურვებდი, რადგან ძალიან დამაკლდა ადამიანებთან სიახლოვე და უშუალო ურთიერთობა, მომენატრა კონცერტები და ხალისიანი პუბლიკა.

– წლების წინ ისე კრიტიკულად უსმენდი საკუთარი სიმღერებს, იბნეოდი და  კითხვებზე გიჭირდა პასუხის გაცემა. საინტერესოა, დღესაც ასეთივე დამოკიდებულება გაქვს საკუთარი შემოქმედების მიმართ?

– რა თქმა უნდა, დღესაც კრიტიკულად ვაფასებ საკუთარ ნამღერს, თუმცა აბსტრაგირებას ვახერხებ მხოლოდ და მაშინ ვუსმენ, როცა საჭიროა.

– ყოველთვის განებივრებული იყავი სოლო კონცერტებით, რითაც ბევრი ახალგაზრდა შემსრულებელი ვერ დაიკვეხნის. რამდენად რთულია ამგვარი კონცერტის ორგანიზება?

– მართლაც ძალიან გამიმართლა, რადგან რამდენიმე სოლო კონცერტი გავმართე და უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს, რომელიც გვერდში მედგა, მეხმარებოდა და რა თქმა უნდა, პუბლიკას, რომელიც ჩემი შემოქმედებით ინტერესდებოდა, რადგან მათ გარეშე ნამდვილად არ მექნებოდა კონცერტის გამართვის სურვილი.

– როგორ აღნიშნავ ახალ წელს, გაქვს თუ არა განსაკუთრებული ტრადიცია?

– ბავშვობაში ყოველთვის ოჯახთან ერთად ვხვდებოდი, თუმცა ბოლო წლებში, იშვიათად ვახერხებ, რადგან ან კონცერტზე ვარ ან გადაღება მაქვს. იმედია, წელს ბავშვობას გავიხსენებ და ოჯახურ ან მეგობრების წრეში შევხვდები ახალ წელს.

– ვინ ამზადებს სადღესასწაულო კერძებს?

– მამა პროდუქტით მომარაგებაზე ზრუნავს, დედა კი, კერძებს ამზადებს.

– უამრავი ჭორი ვრცელდება შენს პირად ცხოვრებაზე, საინტერესოა სინამდვილეში რა ხდება, ხარ თუ არა შეყვარებული?

– მე სამყაროზე ვარ შეყვარებული და ძალიან ბედნიერი ვარ. სიმართლე ვთქვა, ძალიან არ მიყვარს ე.წ. „ყვითელ თემებზე“ საუბარი და ჭორების განხილვა.

– პანდემიის და შეზღუდვების მიუხედავად ახალ პროექტს ხომ არ ამზადებ?

– დეტალებს ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ ახალ პროექტზე მართლაც ვმუშაობ, რომლის პრემიერა მთავარი არხის საახალწლო ეთერში შედგება.

– როგორ გრძნობ თავს ტელეწამყვანის ამპლუაში, საავტორო გადაცემის გაკეთებას ხომ არ გეგმავ?

– ჯერჯერობით არა, რადგან ისედაც უამრავი ვალდებულება მაქვს და ნამდვილად ვერ ავიღებ საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობას. საავტორო კი, უფრო მუსიკის შექმნა მინდა, თუმცა გარკვეული ფსიქოლოგიური მომზადება მჭირდება. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოვა დრო, როცა ჩემს მუსიკას შევქმნი.

– რამდენად შეიცვალე ასაკის მატებასთან ერთად, რას გადაეჩვიე და რა ახალი თვისებები შეიძინე?

– ადრე საერთოდ არ მქონდა დროის შეგრძნება, თუმცა საკუთარ თავზე მუშაობის შემდეგ დროის სწორად განაწილება ვისწავლე, პუნქტუალური გავხდი, რაც ძალიან მახარებს. ადრე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა დილას ადრე გაღვიძება, თუმცა ტელევიზიაში მუშაობა სიზარმაცის დაძლევაში დამეხმარა და მივხვდი, რომ მონდომების შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია.

– ვისთან ისურვებდი დუეტის ჩაწერას?

– სხვადსხვა დროს სხვადასხვა მუსიკოსთან მინატრია თამაშრომლობა. ბავშვობაში ბიონსესთან მუშაობაზე ვოცნებობდი, მერე ემი ვაინჰაუსი მომწონდა.

– ფილმს რომ იღებდნენ შენზე, ვის ინატრებდი რეჟისორად და ვის ანდობდი შენი როლის შესრულებას?

– ძალიან რთული შეკითხვაა, არასდროს მიფიქრია, რადგან წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა მოუთხროს ფილმმა მაყურებელს ჩემზე.

– ყველაზე ბედნიერ დღეს ხომ ვერ გაიხსენებ?

– 5 წლის ვიყავი, როცა ჩემი ძმა – ლუკა დაიბადა. მართლაც საოცარი შეგრძნება იყო, რადგან ძალიან მიხაროდა მისი დაბადება.

– რატომ გადაწყვიტე მუსიკოსობა?

– ალბათ გენეტიკამ გადაწყვიტა. მეც და ჩემს ძმებსაც მემკვიდრეობით გვერგო მუსიკალური ნიჭი, რადგან მამა მოცეკვავეა, უფროსი ძმა, რომელმაც ჩემი მუსიკალური გემოვნება განსაზღვრა, გიტარაზე უკრავს, დედის წინაპრები კი, ხელოვნების სხვადასხვა სფეროთი იყვნენ გატაცებული.

– რამდენად ახლო ურთიერთობა გაქვს უფროს ძმასთან?

– შოთა 6 წლითაა ჩემზე უფროსი. ბავშვობიდანვე ავტორიტეტი იყო ჩემთვის და ახლაც ყოველთვის მას მივმართავ რჩევისთვის.

– რას არ გააკეთებ არასდროს?

– ნათქვამია, „არასდროს არ თქვა არასდროსო“ , არ ვიცი, ალბათ ვეცდები არასდროს ვატკინო ადამიანებს გული. შეიძლება შემთხვევით მომივიდეს, ამგრამ შეგნებულად ნამდვილად არ გავაკეთებ.

– ექსტრემალური სპორტის რომელიმე სახეობით ხომ არ ხარ გატაცებული?

– ჩემთვის ექსტრემალური სპორტი კულინარიაა, რომელსაც დიდი ხანია ვეჭიდები და გარკვეულ წარმატებასაც მივაღწიე, ნამდვილი სპორტით კი, ნაკლებად ვარ გატაცებული. თუმცა, ძალიან მომწონს კრივი და სიამოვნებით მოვსინჯავდი საკუთარ შესაძლებლობებს.

– სცენაზე გასვლის წინ რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვს?

– კონცერტის დაწყებამდე ჩუმად ყოფნა მიყვარს, არ მსიამოვნებს როცა მელაპარაკებიან, რადგან საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მირჩევნია.

– რას ურჩევ ახალგაზრდებს?

–  მას, ვისაც საყვარელი საქმე ნაპოვნი აქვს, მაგრამ ვერ ხედავს რეალიზების გზას, ვურჩევ არ დაკარგოს რწმენა და გააგრძელოს მუშაობა, რადგან აუცილებლად გამოჩნდება ახალი შანსები და შესაძლებლობები, მას კი, ვისაც ჯერ არ უპოვნია საკუთარი თავი, ან ერთდროულად ინტერესედბა ყველა სფეროთი, იმ მომენტებით დატკბობას ვურჩევ, როცა შესაძლოა, მცირე, მაგრამ მაინც სასურველ შედეგს მიაღწევს და დარწმუნდება, რომ რაღაც ფასეული გააკეთა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები