LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ძალიან დიდ სიყვარულს და სითბოს ვიღებთ საზოგადოებისგან” – ანსამბლი „გორდელა“ სტუმრად გადაცემაში „საღამოს რადიო შოუ“

22
gordela

21 თებერვალს, რადიოს „არ დაიდარდო“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ ანსამბლი „გორდელა“ სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ბუხარი“ პრემიერა შედგა, რადიოს მსმენელმა არაერთი სიმღერის ცოცხალი შესრულებაც მოისმინა.

-როგორ შეიქმნა ანსამბლი „გორდელა“?

ქეთი კვირკელია: „გორდელა“ 2007 წელს თსუ-ს ბაზაზე შეიქმნა, უნივერსიტეტში გადაწყვიტეს  სტუდენტური ანსამბლის შექმნა, თავდაპირველად, 14 წევრი ვიყავით, დროთა განმავლობაში რაოდენობა შემცირდა, მაგრამ ხარისხი გაიზარდა. დღეს, თსუ-სგან დამოუკიდებლად ვარსებობთ და ვართ ექვსნი ლევანის ჩათვლით.

ლევან, როგორ მოხდა შენი და „გორდელას“ კოლაბორაცია?

ლევან ბეიტრიშვილი: პირველად, ეს გოგონები „მაგთი კლუბში” ვნახე, სადაც ნაირ-ნაირი ინსტრუმენტებით იყვნენ, მე კი დიდი ხნის განმავლობაში მსურდა პროექტის გაკეთება ქართული ინსტრუმენტებით და ქართული მრავალხმიანობით, ამიტომ მათ ხელმძღვანელს, ბატონ თამაზ მამალაძეს დაველაპარაკე და გავუზიარე ჩემი ჩანაფიქრი. დავიწყეთ ქავერების კეთება, მაგრამ  მალევე დავიშალეთ, როგორც ჩანს, მაშინ არც მე და არც გოგოები არ ვიყავით ამ პროექტისთვის მზად, თან ძალიან ბევრი იყვნენ, ნორმალურად ვერ ვახერხებდით რეპეტიციას, ყოველთვის ვიღაც გვაკლდა, ამის გამო სამჯერ გავიქეცი მათგან (იცინის), ააწყობ სიმღერას, გაანაწილებ ინსტრუმენტებს და შემდეგ რეპეტიციაზე აღარ მოდიან. 2015 წელს ისევ დავუბრუნდი ამ იდეას, საბოლოო ჯამში „დაილექა“ ეს შემადგენლობა, ხუთეული, რომელიც სულ ესწრებოდა რეპეტიციას, და კვლავ აღნიშნულ პროექტზე მუშაობას შევუდექით. გავაკეთეთ სხვადასხვა ქავერები, მათ შორის პირველი გახლდათ „Coldplay“-ის სიმღერის „Fix you“ სრულიად განსხვავებული ვერსია, სხვათა შორის, გოგონებმა რუსთაველის თეატრში, თავიანთ კონცერტზე შეასრულეს ეს ნამუშევარი და  მოწონებაც დაიმსახურა, დარბაზი გადაირია, მათ გამოსვლას დიდი ოვაციები მოჰყვა. შემდეგ, ჩემს საავტორო სიმღერებზეც დავიწყეთ მუშაობა, ასევე დავაქავერეთ ქართული სიმღერებიც. ყველაფერს ინსტრუმენტებისადმი განსაკუთრებული მიდგომით ვაკეთებთ, უფრო მრავალხმოვანს ვხდით ნამუშევარს, საბოლოოდ, განსხვავებული, საინტერესო და სასიამოვნო მოსასმენი გამოდის.

ქეთი კვირკელია: შეიძლება უხერხულად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენთვის აღარ იყო საინტერესო ის, რასაც ადრე ვაკეთებდით. პროექტი, რომლის გაკეთებაც ლევანთან ერთად დავიწყეთ, საინტერესო სიახლე იყო და პროფესიული განვითარებისთვისაც ძალიან საჭირო და სასარგებლო გახლდათ. სიახლე ყოველთვის კარგი და მნიშვნელოვანია, ამა თუ იმ ექსპერიმენტის შედეგს უკვე მსმენელი აფასებს თუ რამდენად გაამართლა, ჯერ-ჯერობით ძალიან კარგად მივდივართ, ძალიან დიდ სიყვარულს და სითბოს ვიღებთ საზოგადოებისგან.

-რა მოტივებზე შეიქმნა თქვენი ძალიან ცნობილი სიმღერა „ასეა ეს“?

ლევან ბეიტრიშვილი: ეს სიმღერა ერთმანეთის გვერდში დგომაზეა, როდესაც ადამიანს არცერთ სიტუაციაში მარტო არ ტოვებ, არც გაჭირვებაში და არც ლხინში.

-როგორ შეიქმნა სიმღერა „ბუხარი“, რომელსაც დღეს ვაპრემიერებთ ?

ქეთი კვირკელია: ბატონმა ბადრი ტუღუშმა „გორდელას“ მოგვცა თავისი სიმღერა, თავიდან სრულიად განსხვავებული ვერსიით არსებობდა, შემდეგ ლევანმა ამ კომპოზიციას საერთოდ ახალი სიცოცხლე შთაბერა, გაუკეთა არანჟირება და სულ სხვა ჟღერადობა შესძინა.

 

გორდელა – ბუხარი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

“გორდელა” – როცა ღრუბელი ფეხქვეშ გამეგო. Live

 

“გორდელა” – დილა არის ცა ლაჟვარდი. Live

 

“გორდელა” – სანთელივით დავდნები. Live

 

“გორდელა”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები