საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტთან აქციასა და მის დაშლას ეხმიანება.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ დიდი დანაშაული მოხდა, თუმცა ეს არ ამართლებს იმ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, რომელიც ხელისუფლების გადატრიალებისკენ იყო მიმართული.
პრეზიდენტი ხაზგასმით წერს, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია.
“საზოგადოებას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ.
რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია.
აქ მართლმადიდებლური არც არაფერია! - სალომე ზურაბიშვილი რუსი დეპუტატების ჩამოსვლას გმობს
ძალიან დიდი დანაშაული იყო რაც დღეს მოხდა, ქვეყნის და მისი ღირსების შემლახველი ფაქტი. თუმცა ეს არანაირად არ ამართლებს ხელოვნურად აგორებულ ტალღას, ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებს, შიგნით თუ გარეთ გაკეთებულ მოწოდებებს, რომელიც არის მიმართული პარლამენტში შეჭრისკენ და ხელისუფლების გადატრიალებისკენ.
რუსეთი ჩვენი მტერია და ოკუპანტია. მის მიერ მართული მეხუთე (5!) კოლონა შესაძლოა დღეს უფრო სახიფათო აღმოჩნდეს ვიდრე ღია აგრესია.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩვა და შიდა დაპირისპირება სხვას არავის უწყობს ხელს, თუ არა რუსეთს და დღესეც მისი ყველაზე კარგად გამოცდილი იარაღია. ვინც შიდა დაპირისპირებას აქეზებს და ხელს უწყობს, ის ნებსით თუ უნებლიეთ რუსეთის პოლიტიკის გამტარებელია და მისი გეგმების შემსრულებელი. ახლა გადახედეთ და ნახეთ ვინ ცდილობს მუდმივად ნებისმიერი პრობლემა დესტაბილიზაციის კერად აქციოს და ბევრ რამეს ნათელი მოეფინება.
და ბოლოს სრულიად მიუღებელია რომ გარედან უცხო ქვეყნის მოქალაქე “თავის შექმნილ” (ეს რა სახელმწიფოებრივი მიდგომაა ???) პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდეს და ასეთი ანტიკონსტიტუციური მოწოდება საზოგადოებრივი არხით ვრცელდებოდეს!
დროა სახელმწიფომ რეაგირება მოახდინოს ყველა ამ დარღვევაზე წესრიგი დაამყაროს და საშუალება არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს მოსკოვის გეგმები გაატარონ,” – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ, სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომის მონაწილეებს პრეზიდიუმიდან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. პროტესტი პარლამენტის შენობაშივე დაიწყო, როდესაც ოპოზიციური ევროპული საქართველოს და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა პრეზიდიუმი დაიკავეს და რუს დეპუტატებს, გავრილოვის ხელმძღვანელობით, პარლამენტის შენობის დატოვება მოსთხოვეს. პარლამენტის შენობაში დაწყებულმა პროტესტმა სასტუმრო “რედისონთან” გადაინაცვლა, სადაც რუსი დეპუტატები პარლამენტის დატოვების შემდეგ მივიდნენ. ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე, გავრილოვის გამოსვლა მმართველი პარტიის ლიდერებმა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა ბახტაძემ დაგმეს. “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა რუსი დეპუტატებისგან საქართველოს დატოვება მოითხოვეს.
დეპუტატის მიერ საქართველოს დატოვების შემდეგ, საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან ხელისუფლების უმაღლესი პირების პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით დაიწყო.
ხალხი იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდა, ვინც სერგეი გავრილოვის ჩამოყვანა, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა უზრუნველყო.
პროცესები მაშინ დაიძაბა, როცა აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილმა, პარლამენტში შესვლა მოითხოვა, პოლიციის კორდონის დაყენების შემდეგ კი მის გარღვევას ცდილობდა.
აქცია სამჯერ დაიშალა – სპეციალური აღჭურვილობით, განსაკუთრებით დიდი ზომის რეზინის ტყვიებით და გაზის მაშხალებით. მეოთხედ მობრუნებული ხალხისგან პოლიციამ კი წმენდა ჩაატარა.