27 ოქტომბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ვიდეო ჩართვით ავთო ჩადუნელი სტუმრობდა. გადაცემაში ახალი სიმღერის „ფოთლის აღსარება“ პრემიერა შედგა.
ავთო, როგორი ვითარებაა ამ დროისთვის ისრაელში? როგორც ვიცი, ბევრმა ემიგრანტმა დატოვა ქვეყანა შექმნილი სიტუაციის გამო და შენ თუ გეგმავ წამოსვლას?
დაახლოებით 16 000-მდე ადამიანმა დატოვა ქვეყანა. მე 2008 წლიდან აქ ვარ და ასეთი რაღაცები მართლა არ ყოფილა. ძალიან მძიმედ სანახავი სურათები აიტვირთა ინტერნეტში და ამან კიდევ უფრო დათრგუნა ხალხი. გუშინაც და დღესაც იყო განგაშის სირენები. სიგნალის ჩართვა ყოველ წამს არის მოსალოდნელი. აღსანიშნავია, რომ ზოგი სამსახური ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ზოგიერთ ქალაქში სკოლებიც გაიხსნა. მაინც ცდილობენ, რომ მოსახლეობა ძალიან ჩაკეტილი არ იყოს, რომ ფსიქოლოგიურად არ გაუჭირდეთ, ყველანაირად ამხნევებენ. რაც შეეხება ჩამოსვლას, მინდოდა, მაგრამ გავჩერდი, ვერ წამოვედი, განწყობაც არ არის, რადგან ძალიან ახლოს ვარ ამ ქვეყანასთან, თითქმის ნახევარი ცხოვრება ისრაელში მაქვს გატარებული. ყველაფერი რომ დაწყნარდება, აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში.
ვისაუბროთ სიმღერაზე „ფოთლის აღსარება“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ეს გოგი ცაბაძის სიმღერაა. ტექსტი ნატო ღეჩუაშვილს ეკუთვნის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ასეთი ცნობილი, ბუმბერაზი კომპოზიტორის სიმღერა შეასრულო. ბავშვობიდან მახსოვს მისი სიმღერები და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მე შევასრულებდი. ეს სიმღერა ცირა ბზიშვილის სტუდიაში ჩაიწერა. მთელი გული და სული ჩავდე.
ავთო ჩადუნელი – ფოთლის აღსარება (უცნაურად)
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ავთო ჩადუნელი. ვიდეო კოლაჟი