27 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
– ნიკოლოზ, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გული დაგვწყვიტა არაჩვეულებრივი მსახიობის, ბატონ კახი კავსაძის გარდაცვალებამ.
– ძალიან რთულია ჩემთვის ამ ბატონი კახის გარდაცვალებაზე საუბარი, რადგან ბევრი თბილი და კეთილი მოგონება მაკავშირებს მასთან. გია ყანჩელი გარდაცვალების შემდეგ თითქოს უფრო მომზადებულად ვხვდები ამგვარ სამწუხარო ამბებს, თუმცა ყოველთვის ძალიან განვიცდი. ბატონი კახი დიდხანს ავადმყოფობდა, იმედი გვქონდა, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, თუმცა ანზორ ერქომაიშვილის და გურამ დოჩანაშვილის შემდეგ ისიც დავკარგეთ. ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა, რომ კახი კავსაძის ეპოქაში ვიცხოვრეთ. პირადად მე ყოველთვის განებივრებული ვიყავი მისი მხარდაჭერით, გულშემატკივრობით, რაც ძალიან ძვირფასია ჩემთვის და ყოველთვის სიამაყით გავიხსენებ.
– დიდი ხანია პროექტი Voice პოპულარობით სარგებლობს. საინტერესოა, რით განსხვავდება წლევანდელი შოუ გასული სეზონებისგან?
– მძიმე რეალობის გათვალისწინებით წლევანდელმა Voice-მა ერთგვარი პარალელური სამყაროს ილუზია შექმნა, სადაც სიმშვიდე, სიკეთე, სიხარული და ბევრი მუსიკაა. ჩემთვის პროექტი არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ემოციური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცოტა ხნით მაინც ვახერხებ პანდემიური, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დავიწყებას. ბედნიერი ვარ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კომპანია „ნოვამ“ მოახერხეს და გამონახეს ფინანსურ რესურსები მსგავსი გრანდიოზული პროექტის შესაქმნელად. მართალია, წელს პუბლიკა არა დარბაზიდან, არამედ ონლაინ-რეჟიმში გვადევნებს თვალს, მაგრამ უზარმაზარი ორკესტრი მუშაობს, ამიტომ მიხარია, რომ რთული პერიოდის მიუხედავად მაინც ვახერხებთ მასშტაბური პროექტის განხორციელებას. სიმართლე ვთქვა, ძალიან ზედაპირული წარმოდგენა მქონდა Voice-ზე და მხოლოდ მაშინ ჩავუღრმავდი მის წესებსა და მუშაობის პრინციპს, როცა მენტორობა შემომთავაზეს, რაც უზარმაზარ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ჩემი კოლეგების, არაჩვეულებრივი ადამიანების და ნამდვილი პროფესიონალების წყალობით სიამოვნებით დავთანხმდი მასში მონაწილეობას.
– საკუთარი რჩეული ხომ არ გყავთ, განსაკუთრებით ძლიერი მონაწილე, რომელიც დარწმუნებული ხართ, რომ ვარსკვლავი გახდება?
– წელს მართლაც საოცრად ნიჭიერმა ახალგაზრდებმა გამოთქვეს პროექტში მონაწილეობის სურვილი, ამიტომ შერჩევაც ძალიან გაგვიჭირდა. პირადად ჩემთვის სერიოზულ სტრესად იქცა უკვე შემცირებული კონტიგენტიდან ნაწილის გაშვება და ნაწილის დატოვება, ძალიან ემოციურია live-შოუებიც, როცა ისევ არჩევანის გაკეთება მიწევს, მაგრამ სწორედ ესაა კონკურსის პრინციპი და ჩემი მოვალეობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე გენიოსი ნამდვილად გვყავს, ამიტომ მაქსიმუმს ვაკეთებთ მათ დასახმარებლად, რათა ნამდვილ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.
– უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს ლიზა ბათიაშვილთან ერთად გაკეთებული ალბომი City lights, რომელშიც ქეთი მელუას საავტორო სიმღერაც შევიდა. აღსანიშნავია, „კონცეპტ-არტის“ და თეო ჯორბენაძის აქტიურობაც, რომელმაც არსებული რეალობის გათვალისწინებით, მაინც მოახერხა ალბომის განსხვავებული პრეზენტაციის მოწყობა,
– სამწუხაროდ, სწორედ ალბომის გამოსვლას დაემთხვა პანდემია. მართალია, 17 მილიონზე მეტი ალბომი გაიყიდა, მაგრამ ვერ შევძელით დაგეგმილი მსოფლიო ტურნეს მოწყობა, თუმცა არსებული ინტერესის და უცხოური კომპანიების მოთხოვნის გათვალისწინებით, იმედი გვაქვს მაინც შევძლებთ ჩაფიქრებული ტურნეს მოწყობას.
– როგორც ვიცი, ალბომი „გრემის“ პრემიაზე აცხადებს პრეტენზიას,
– „გრემის“ პრეტენდენტებს შორის მოსახვედრად სპეციალური პროცედურის გავლაა საჭირო. ჩვენ ვერ მოვასწარით, ტექნიკურად ვერ მოვახერხეთ მათი გავლა, ამიტომ 2020 წლის ნომინანტებს შორისაც ვერ მოვხვდით. მომავალი წლის პრეტენდენტებს შორის მოსახვედრად კი, Deutsche Grammophon-ის თხოვნით ვაგრძელებთ ალბომზე მუშაობას და რამდენიმე ახალი კომპოზიციის ჩაწერას. დამატებითი თრეკები საქართველოში ჩაიწერება სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, თუმცა გერმანული კომპანიის წარმომადგენლებიც გვეწვევიან. ვფიქრობ, განახლებულ ალბომს ნებისმიერ კონკურსში ჩაბმა და პრესტიჟულ ჯილდოების მოპოვების შანსი ექნება.
– ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პროექტი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“, რომელიც ერთგვარ შვებად იქცა პანდემიის პერიოდში. რამდენად რთული იყო პროექტის პროდიუსერობა?
– საკმაოდ რთული პროექტი გამოდგა, რადგან მართალია, თბილისის მერიის ტექნიკური მხარდაჭერით, მაგრამ ანაზღაურების გარეშე, მხოლოდ საკუთარი ენთუზიაზმის იმედად მოგვიწია მუშაობა. იმედი გვქონდა, რომ საღამოების მოწყობას რეგულარულად შევძლებდით, თუმცა ისევ ფინანსურმა სირთულეებმა შეგვიშალა ხელი. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი პროექტით უამრავი ადამიანის გახარება შევძელით და ცოტა ხნით მაინც დავავიწყეთ არსებული პრობლემები. აუცილებლად მინდა აღვნიშნო თეო ჯორბენაძის წვლილი, რომელსაც ყოველთვის მრავლად აქვს საინტერესო, ზოგჯერ ძალიან ემოციური იდეები და პროექტები.
– მართალია, მანამდეც ბევრჯერ გკითხეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ დავინტერესდები, მუსიკალური ცენტრის შენობასთან დაკავშირებით ხომ არ გაქვთ სასიამოვნო სიახლე?
– ამ მომენტისთვის პროცესები შეჩერებულია და არც მე ვჩქარობ. დღეის მდგომარეობით ნაკლებად სახარბიელო არჩევანი გვაქვს, რადგან ორკესტრი ან ფილარმონიაში უნდა შევიდეს, სადაც დარბაზიც მოსაწესრიგებელია ან საკუთარი შენობა უნდა გამოეყოს, რადგან სამხარაულის ექსპერტიზის თანახმად, არსებული შენობა – ყოფილი მუსკომედიის თეატრი რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება. ახალ შენობას კი, უზარმაზარი თანხა სჭირდება, მართალია, ხელისუფლების მოვალეობაა მოგვისმინოს და დაგვეხმაროს, მაგრამ მანამდეც მერიდებოდა ამ საქმეში ჩართული ადამიანების შეწუხება, ახლა კი, ვფიქრობ, მორალური უფლება არ მოქვს მოვითხოვო რაიმე. იმედი მაქვს, სიტუაცია მალე დარეგულირდება და მუსიკალური ცენტრის საკითხიც საბოლოოდ გადაწყდება.
გადაცემის აუდიოჩანაწერი