სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შესვლის პროცესი გართულებულია.
ამის შესახებ ომბუდსმენმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ის და მისი ინიციატივით შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი დღეს მოინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ შესვლისთვის მათ დაახლოებით 2 საათი დასჭირდათ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უფლებებს, ნინო ლომჯარიას თქმით, ამ კუთხით გარკვეული საკითხები გამოსწორებულია, თუმცა პრობლემების ნაწილი კვლავ რჩება.
„ძალიან გართულებულია შესვლა, მინიმუმ 2 საათი დაგვჭირდა იმისთვის, რომ შესასვლელიდან პაციენტამდე მიგვეღწია. ეს განპირობებულია იმით, რომ გაურკვევლობაა შიგნით, კომუნიკაცია გართულებულია, კომუნიკაცია არის ჯანდაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და პენიტენციურ უწყებას შორის და რეალურად ერთმანეთში რეკავენ და რეკავენ სადღაც, ჩემთვის გაურკვეველია, სად და არკვევენ რაღაცებს, რაც ასევე გაურკვეველია,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ომბუდსმენის ინფორმაციით, გარკვეული საკითხები, რაზეც სახალხო დამცველის აპარატს წინა ვიზიტის დროს შენიშვნა ჰქონდა, გამოსწორებულია: მაგალითად ბადრაგი აღარ ესწრება მის სამედიცინო შემოწმებას.
„პრობლემაა ის, რომ გარკვეული პირადი და ჰიგიენის ნივთები სჭირდება, ასევე სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება, როდესაც მას უკვე ფიზიკურად შეეძლება ამის გაკეთება და ეს მოსაგვარებელია. ამ ინფორმაციას პენიტენციურ სამსახურს გადავცემთ, რაც ეხება ფანჯარას, ეს საკითხი მოგვარებულია,“ – თქვა ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ შეიკრიბება, დაწერენ როგორც კლინიკური შემოწმებების შედეგებს, ასევე ზოგად შეფასებას.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, გვიან ღამე გადაიყვანეს. მას შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა, ამჟამად იგი რეაბილიტაციის პროცესს გადის.