სოფო ნიჟარაძე mere.pdcst-ის სტუმარი იყო. მომღერალმა ბევრ თემაზე გულახდილად ისაუბრა, მათ შორის გაიხსენა, მისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი.
წლების წინ, როდესაც სოფო ნიჟარაძე „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობდა, ერთ-ერთი ტურის წინ, ეთერის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გაიგო, რომ მამა გარდაეცვალა.
„დილით უკვე ვიცოდი, რომ ძალიან ცუდად იყო, მთელი დღე ფორიაქი მქონდა. მეგობრები გავაფრთხილე, რომ აუცილებლად ეთქვათ, თუ რამე მოხდებოდა… მაშინ ცირკის შენობაში მიმდინარეობდა პროექტი.
მაკიაჟიც გაკეთებული მქონდა და უკვე სტუდიაში წასასვლელად ვემზადებოდი. მეგობრები შემოვიდნენ, არაფრის თქმა არ დასჭირდათ. მივხვდი, რაც მოხდა.
ამ ემოციის აღწერა ალბათ ძალიან რთულია. ერთი ის ვიცი, რომ არავინ მინდა, იგივე განიცადოს, რაც მე მომივიდა. მუხლებში ჩავიკეცეო, რომ ამბობდნენ, სულ ვფიქრობდი რა იყო ეს განცდა…
ყველაზე მეტად მამას უნდოდა, რომ პროექტის გამარჯვებული გავმხდარიყავი. სულ სამი ტური იყო დარჩენილი, შემეძლო, ერთი ტური რომ გამოვტოვე, მერე გამეგრძელებინა მონაწილეობა. „ბიბისიდანაც“ მოვიდა დასტური, რომ შემეძლო გაგრძელება, მაგრამ ვერ შევძელი. ძალიან კარგ პოზიციებზე ვიყავი, არავინ იცის, იმ ემოციის გადალახვა, რომ მომეხერხებინა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ ვერ შევძელი. მერეც, როცა მესმოდა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დაწყების ხმა, ცუდად ვხდებოდი“, – ამბობს სოფო ნიჟარაძე.
