თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ანიტა აბგარიანი სტუმრობდა, რომელიც საქართველოს „საბავშვო ევროვიზიაზე“წარადგენს. ანიტამ შოუს სამზადისსა და სხვა საინტერესო დეტალებზე ისაუბრა და თავისი ემოციები გაგვიზიარა.
ანიტა, როგორ დაიწყო ყველაფერი, შენი მუსიკალური კარიერა, „რანინასკენ“, „ევროვიზიისკენ“ მიმავალი გზა?
ჯერ, ანკეტის შევსება გადავწყვიტეთ მე და დედაჩემმა, შემდეგ, პირველ ქასთინგზე მივედი. ასე მოხდა და გადავედი მეორე ტურში, მერე, საერთოდ „რანინაში“. დედაჩემმა და ანდრიამ ასეთი სიურპრიზი მომიწყვეს, ჩემი ჭკუით, იმ სიმღერის რეპეტიციას გავდიოდი სტუდიაში, რაც „რანინას“ მეორე ტურში ვიმღერე, ამ დროს კი, ანდრია შემოდის, ბუშტებით ხელში და მეუბნება, რომ „რანინაში“ გადავედი. ძალიან გამიხარდა.

როცა გითხრეს, რომ გაიმარჯვე, თავიდან ცოტა ხომ არ შეგეშინდა?
არა, არ შემშინებია. ისე მოხდა, რომ გავიმარჯვე და საქართველოს „საბავშვო ევროვიზიაზე“ წარვადგენ.

ვინ იყო ის პირველი, ვინც კონკურსში მონაწილეობისკენ გიბიძგა?
დედაჩემი.
შენი მეგობრები თუ აპირებენ, თბილისში ჩამოსვლას და შენს გულშემატკივრობას?
კი.

კონკურსში არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას, რომელიმესთან განსაკუთრებით თუ დამეგობრდი?
ყველაზე კარგად ესპანელ ბიჭთან და უკრაინელ გოგოსთან დავმეგობრდი. ძალიან კარგი ბავშვები არიან, ჯერჯერობით, ძალიან კარგად მიდის ჩვენი ურთიერთობა და იმედია, ასეც გაგრძელდება.

ყველაზე მეტად რომელი მონაწილის სიმღერა მოგწონს?
საფრანგეთის, პოლონეთის სიმღერები მომწონს, ძალიან მხიარულია.
„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ძალიან ბევრი იშრომა, რომ შენი ნომერი განსაკუთრებული იყოს, მოგწონს თუ არა შენი ჩაცმულობა?
კი, ჩემი ჩაცმულობა ძალიან მომწონს, ზუსტად ისეთია, როგორიც მინდოდა და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დიზაინერს.

რას გვეტყვი გიგა კუხიანიძეზე?
გიგამ ძალიან მაგარი სიმღერა დაწერა.
როგორია „ევროვიზიის“ სამზადისი?
გუშინ პირველი რეპეტიცია მქონდა სცენაზე. ყველასთვის დაუვიწყარი სცენა იქნება. ძალიან კარგად მიდის ყველაფერი, ძალიან კმაყოფილი ვარ.

სცენაზე გასვლის წინ რაიმე ტრადიცია თუ გაქვს?
პირჯვრის გადაწერა.
რომელია შენი საყვარელი სიმღერა, რომელსაც დიდი სიამოვნებით ასრულებ?
ძირითადად ბილი აილიშის სიმღერებს ვუსმენ, მაგრამ ევროვიზიის სიმღერებიდან ყველაზე მეტად მარიამ ბიგვავას „I Believe“ მომწონს.

რა არის შენი სანუკვარი ოცნება 31 დეკემბრისთვის?
მინდა, რომ ნიუ იორკში, „Home alone”-ის ნაძვის ხესთან წავიდე და იქ ვისრიალო ციგურებით.


„საბავშვო ევროვიზიაზე“ ყველა სიახლე იხილეთ აქ.