LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან კარგი ამბავი მოხდა, გაერთიანდნენ ქალაქური სიმღერების შემსრულებელი ანსამბლები… ბევრ პროექტს ვგეგმავთ“ – აჩიკო ბერიძე

16
აჩიკო-ბერიძე

7 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი აჩიკო ბერიძე სტუმრობდა, რომელმაც პროექტზე „ქალაქური მრავალხმიანობა“ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „პაემანი ვერაზე“ პრემიერა შედგა.

აჩიკო, ვისაუბროთ შენს ახალ სიმღერაზე „პაემანი ვერაზე“.

ამ ეტაპზე ჩავწერე ბატონ ნოდარ ნიკოლეიშვილის სიმღერა, რომელიც მიშა ზაქარიაშვილის რეპერტუარიდან გახლავთ და რომელსაც ის საოცრად ასრულებდა. პატარა ვიყავი, როცა ეს სიმღერა პირველად მოვისმინე და მას შემდეგ ძალიან მიყვარდა. იდეის ავტორები ჩემი „ალილოელები“, სანდრო კობახიძე და მიშა ჭონიშვილი, რომლებმაც გამახსენეს და მითხრეს, ძალიან მოგიხდებაო და არც დავფიქრებულვარ, მათი რჩევა გავითვალისწინე. არანჟირება მიშა მდინარაძის გახლავთ. სიმღერა მარიკა ქაცარავას სტუდიაში ჩაიწერა. ცოტა რაღაცები შევცვალეთ სიმღერაში, რომ იგივე არ გაგვემეორებინა. იმედი მაქვს, მსმენელს მოეწონება.

მოგვიყევი პროექტზე „ქალაქური მრავალხმიანობა“.

ძალიან კარგი ამბავი მოხდა, გაერთიანდნენ ქალაქური სიმღერების შემსრულებელი ანსამბლები, „ქართული ხმები“, „შვიდკაცა“, „ალილო“, „თეატრალურის კვარტეტი“ და ფორტე. იდეა ანსამბლების წევრებს გვეკუთვნის. შარშან რეგიონებში გახლდით ამ პროექტით, თბილისში პირველი კონცერტია.

საქართველოს ფარგლებს გარეთ თუ გეგმავთ ამ პროექტის ფარგლებში კონცერტის ჩატარებას?

ეს გაერთიანება იმიტომ შეიქმნა, რომ ერთმანეთს ხელი შევუწყოთ ყოველდღიურ საქმიანობაში, იგივე საზღვარგარეთ კონცერტების ჩატარებაში, ემიგრანტებთან შეხვედრაში. ვფიქრობ, ერთობლივი ძალებით უფრო მეტს შევძლებთ. მგონი, ბევრი საინტერესო იდეა გაჩნდება. ვგეგმავთ ბევრ პროექტს, ახალგაზრდა თაობებთან შეხვედრას, ლექციების, მასტერკლასების ჩატარებას ქალაქური სიმღერის პოპულარიზაციისთვის. ჩვენს კონცერტებზე დამსწრეთა 50% , თუ მეტი არა, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები არიან და ძალიან მიხარია.

 

აჩიკო ბერიძე – პაემანი ვერაზე

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები