12 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მარი მამისმედიშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ კარიერაზე, სამომავლო გეგმებზე და ახალ ნამუშევრებზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „არ დასრულდება“ პრემიერა შედგა.
მარი, მოგვიყევი შენს ახალ ნამუშევარზე, „არ დასრულდება“.
ძალიან კარგი ნამუშევარი გამოვიდა. სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის, ტექსტი ირინა სანიკიძეს, არანჟირება ბორიკო შხიანს, მასტერინგი ალეკო ბერძენიშვილს. სიმღერა „Bravo records“-ში ჩაიწერა. საუკეთესო გუნდმა იმუშავა.
სიმღერის სატელევიზიო პრემიერა უკვე შედგა, როგორ მიიღო ახალი ნამუშევარი მსმენელმა?
კი, სატელევიზიო პრემიერა „პაატა გულიაშვილის შოუში“ შედგა. ძალიან კარგად მიიღო მსმენელმა, რადგან სიმღერა რითმიანი, ენერგიული და შინაარსობრივია. დიდი მადლობა ქალბატონ ირინას, რადგან ყოველთვის ძალიან ლამაზი ტექსტებით გამოირჩევა. ზუსტად ის გამოვიდა, რაც მე მინდოდა.
რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში და როგორია სამომავლო გეგმები?
ჯერ განვლილ ამბებს მოვყვები. პირველ რიგში, მადლობა „დუეტ ჯორჯიას“, რადგან სულ რამდენიმე ხნის წინ ვაჟა დურგლიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა და ბატონი ვაჟას შემოქმედებიდან ახალი სიმღერა, „უშენოდ“ გავაკეთეთ. ტექსტი გენიალურმა ნანა ცინცაძემ დაწერა. პრემიერა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, ძალიან ვნერვიულობდი, ღმერთს ვევედრებოდი, რომ კარგად და ღირსეულად წარმედგინა სიმღერა. დაუკრა ბენდმა „ერთი შანსი“ და ძალიან ლამაზი ვერსია გამოვიდა. ძალიან მინდა სტუდიური ვერსიის გაკეთება. ძალიან კარგი სიმღერაა და ხალხი შეიყვარებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 26 მაისს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმართება კონცერტები და მათ შორის, ერთ-ერთი არის ახალქალაქში, სადაც მეც ვიმღერებ. კიდევ ერთი ძალიან კარგი და საპასუხისმგებლო მოვლენა ხდება ჩემს ცხოვრებაში. მე და ბატონი რომა რცხილაძე მისი შემოქმედებიდან ძალიან კარგ სიმღერას ვაკეთებთ და ამ ფაქტით ბედნიერი ვარ. ახალი სიმღერაა, მხოლოდ ერთხელ მოხდა მისი პრეზენტაცია „აკუსტიკაში“, ბატონ რომას „მისი იდუმალება“ სხვაგან არ უმღერია.
შენი არჩევანი იყო „მისი იდუმალება“?
თავიდან, ბატონ რომას რომ შევხვდი, „ნატვრის ხეს“ ვფიქრობდი, რადგან ყველას უყვარს, მეც ძალიან მიყვარს. ამ სიმღერებზე ვარ გაზრდილი, ვგიჟდები ბატონ რომას შემოქმედებაზე და „ნატვრის ხე“ ძალიან მინდოდა. გასაუბრების შემდგომ, ბატონმა რომამ მითხრა, მხოლოდ ერთხელ მაქვს ნამღერი და მოდი, იქნებ, „მისი იდუმალება“ გავაკეთოთო. რომ მოვისმინე, შეყვარებული დავრჩი ამ სიმღერაზე. ბატონი რომას თითოეული სიმღერა გენიალურია. ეს სიმღერა რადიკალურად განსხვავებულია, აქ არის ჯაზიც, ბლუზიც. კიდევ ძალიან ბევრი დუეტი შემომთავაზა ბატონმა რომამ სამომავლოდ და ძალიან გამიხარდა, რადგან ბატონი რომას დუეტი ახალი თაობის მომღერლებთან ესე არ მახსენდება, თვითონვე მითხრა, დუეტებს ძალიან იშვიათად ვმღერიო. პატარა რომ ვიყავი, ბატონ რომას ერთ-ერთ ფესტივალზე გრანპრი აქვს ჩემთვის მოცემული და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მასთან ერთად დუეტს შევასრულებდი და ეს ჩემთვის პასუხისმგებლობაც არის და ბედნიერებაც. ჩვენი კოლაბორაცია გადაცემაში „აკუსტიკა“ შედგება. ვიმედოვნებ, რომ ძალიან კარგი გამოვა. ძალიან მასშტაბური გეგმები მაქვს.
თავად გეგმავ ყველაფერს თუ შენი მეუღლე და პროდიუსერი, ბექა იღებს გადაწყვეტილებებს?
ბექა არის ხერხემალი. ძალიან დიდი ფუფუნება და ბედნიერებაა, ადამიანი შენს გვერდით იდგეს და ყველაფერს აკეთებდეს შენი ბედნიერებისთვის. არის შემთხვევები, როცა მე ვაწვდი ბექას იდეებს და მიჯერებს, მეც, ასევე ანალოგიურად ვუჯერებ. ერთმანეთში ვცვლით იდეებს, შემდგომ გეგმებად ვაწყობთ და ვახორციელებთ. ბექა თავის კარიერაში საკმაოდ შემდგარი ადამიანია, 15 წლიდან არის კონცერტების ორგანიზატორი. გვქონია ჩავარდნები, რთული პერიოდები, მაგრამ ბექას გამოცდილება ბევრს შვება.
მარი მამისმედიშვილი – არ დასრულდება
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მარი მამისმედიშვილი. ვიდეო კოლაჟი