„ჩემი ბაღი ჩემს სათქმელს ამბობს” – უკვე ორი წელია ნუგზარ ძნელაშვილი ყვავილების ბაღს მარტო უვლის. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ძირითად დროს ყვავილების მოვლაში ატარებს და ტკივილს ასე იმსუბუქებს. ბაღი მისთვის დაკარგულ მეუღლესთან ასოცირდება და მასზე ზრუნვა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ბაღი უკვე 5 წელია არსებობს, მისი გაშენება მეუღლესთან ერთად ენთუზიაზმით დაიწყო, 3 წლის შემდეგ კი, მარტოდ დარჩენილი მამაკაცისთვის ეს ერთადერთ სანუგეშო ადგილად იქცა.
სახლის ეზოში გაშენებულ ბაღში, რომლის არსებობის შესახებ, რუსთავში ყველამ იცის, 100 სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეს ნახავთ. მებაღეობაში ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ, მცენარეები თავად გამოჰყავს და საკუთარი საქმიანობით მეზობლებიც დააინტერესა. მეუღლის სახელის უკვდავსაყოფად ბაღს „ნაირას ბაღი“ უწოდა. მისი გახსენების დროს ცრემლის შეკავება უჭირს, ამბობს, რომ მან ცხოვრება ასწავლა.
ნაირა ძნელაშილი რუსთავში ინგლისურის პედაგოგი იყო. მისი მოსწავლეები დღეემდე ხშირად მოდიან ბაღის სანახავად.







