3 დეკემბერს “არ დაიდარდოს” გადაცემამ ,,რადიოდუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად” მუსიკოსებს ირაკლი მეტრეველს და ვახო ჟორჟოლიანს უმასპინძლა ახალი სიმღერის “მოხუცი ბრძენი” პრემიერით.
– ირაკლი, პირველ რიგში “არ დაიდარდოში” დებიუტს გილოცავთ, იმედია ხშირად იქნებით ჩვენი სტუმარი,
– დიდი მადლობა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ქართველ შემსრულებლებს საკუთარი სიმღერების თქვენს ეთერში გაჟღერების საშუალებას აძლევთ.
– როდის გაგიტაცათ მუსიკამ?
– ჩემი ბავშვობა 1990-იანებს დაემთხვა, როცა საქართველოში ძალიან მძიმე სოციალური სიტუაცია იყო. ერთადერთი გასართობი იმ პერიოდში “მამაჩემის რადიო” იყო, რომელიც ძალიან გვახალისებდა. დამწყები მუსიკოსები კასეტებზე ვუსმენდით მუსიკას, ერთად ვარჩევდით მოწონებულ კომპოზიციას და ერთმანეთს ვასწავლიდით. სირთულეების მიუხედავად, საოცარი ენთუზიაზმი გვქონდა, ყველაფერს გულწრფელად და მთელი გულით ვაკეთებდით და სიმღერებსაც მონდომებით ვწერდით.
– გაქვთ თუ არა მუსიკალური განათლება?
– მუსიკალური განათლება არ მიმიღია. მართალია, საბერძნეთში, სადაც 6 წელი ვიცხოვრე, მუსიკალურ კოლეჯში ჩავაბარე, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო დასრულება ვერ შევძელი, თუმცა უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე და უმრავი საინტერესო მუსიკოსი გავიცანი.
– პირველ პროფესიონალს ხომ ვერ გაიხსენებთ, ვინც მუსიკალური კარიერის გაკეთებაში დაგეხმარათ?
– ბევრი დამეხმარა, თუმცა გია ფეიქრიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისთანაც მივედი და ვთხოვე, ესწავლებინა ჩემთვის გიტარაზე დაკვრა, რადგან ძალიან მომწონდა ეს ინსტრუმენტი და ვგიჟდებოდი ერიკ კლეპტონზე. მეცადინეობა 45-წუთიანი გაკვეთილებით დავიწყეთ და 2-3 საათამდე გავზარდეთ. მემგონი გია ერთადერთია, ვისაც დღეში 8-10 საათი შეუძლია მეცადინეობა და მოუქანცავად დაკვრა.
– ხშირად მოგზაურობთ საზღვარგარეთ?
– საბერძნეთიდან ჩამოსული მივხვდი, რომ მართალია, ადამიანები სულ სადღაც დავდივართ და რაღაცის ძიებაში ვართ, მაგრამ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის სამშობლოში, საკუთარ სახლში გვაქვს.
– როგორც მახსოვს “ოქროს ტალღის” ერთ-ერთ დაჯილდოებას სწორედ თქვენ აფორმებდით მუსიკალურად,
– მაშინ ბენდში “Good Company”-ში ვუკრავდი, მთავარი გიტარისტი შევცვალე და 2 წელი ვიმუშავე არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან ერთად.
– როგორ შეიქმნა “მოხუცი ბრძენი”?
– ყოველთვის ძალიან მინდოდა ათონის მთის ნახვა. საბერძნეთში ყოფნისას, შევძელი მოგზაურობა და ათონის მთის მონახულება. საოცარი გარემო დამხვდა, თითქოს მიწიერ სამყაროს მოვწყდი და სრულიად სხვა სამყაროში ვიმოგზაურე. სწორედ მაშინ გამიჩნდა სიმღერის შექმნის იდეა, რადგან მართლაც შემხვდა მოხუცი ბერი, რომელსაც მონასტერში გავყევი და გარკვეული პერიოდითაც დავრჩი. ძალიან მიხარია, რომ ჩემი რადიოდებიუტი სწორედ “მოხუცი ბრძენით” შედგა.
– ყოველთვის დამოუკიდებლად ქმნით სიმღერებს?
– ლექსებს ბავშვობიდან ვწერ, მოგვიანებით მუსიკის წერა დავიწყე, მერე კი, გაერთიანება გადავწყვიტე. ერთი სიტყვით საკუთარ ლექსებზე ვღიღინებ და საბოლოოდ ზუსტად ის სიმღერა გამოდის, რასაც ვგრძნობ.
ირაკლი მეტრეველი – მოხუცი ბრძენი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ირაკლი მეტრეველი & ვახო ჟორჟოლიანი – ღამის ბალადა. Live
ირაკლი მეტრეველი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები