15 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მომღერალი ვერიკო ტურაშვილი სტუმრობდა ახალი სიმღერის „ამან“ პრემიერით.
– ვერიკო, რა სიახლით გაახარებთ თაყვანისმცემელს?
– ძალიან გამიგრძელდა შემოქმედებითი პაუზა, ამიტომ ახლა ყოველ თვე ახალი სიმღერის ჩაწერას და კლიპის გადაღებას ვცდილობ.
– როგორ გაჩნდა ახალი სიმღერის ჩაწერის იდეა?
– „ამან“ ძველი აზერბაიჯანული სიმღერაა. საერთოდ, ძალიან მიყვარს აღმოსავლური მუსიკა, ამიტომ მთელი პროექტი გავაკეთე ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე. ძალიან ინტერნაციონალური სიმღერა გამოვიდა, რომელზე მუშაობა პანდემიის პერიოდში დავიწყეთ, ტექსტი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის, ვიდეოზე გიორგი ცაავამ იმუშავა, არანჟირებაზე კი, რამდენიმე მუსიკოსმა იზრუნა სხვადასხვა ქვეყნიდან. ვფიქრობ, კარგი ნამუშევარი გამოვიდა, თუმცა ძალიან მაინტერესებს როგორ მიიღებს პუბლიკა.
– რას საქმიანობენ თქვენი შვილები, ისინიც მუსიკოსობას ხომ არ აპირებენ?
– უმცროსი ნატაშკა რვა წლისაა და მუსიკალურ სკოლაში სწავლობს კლასიკური ვოკალის განხრით, ჯერჯერობით მემორჩილება, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს მომავალში რას გადაწყვეტს. ვფიქრობ, მთავარი საკუთარი საქმის სიყვარულია და მნიშვნელობა არ აქვს რა პროფესიას აირჩევ. ლიზა სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს მეორე კურსზეა და ჯერჯერობით მასაც ძალიან მოსწონს არჩეული პროფესია.
– რამდენადაც ვიცი, პანდემიის დროს საკუთარი ბრენდი შექმენით, რამდენად რთულია ბიზნესის მართვა?
– ძალიან საინტერესოა. მართალია, ზაფხულში ჩვენი პროდუქცია ბაქოს ერთ-ერთ პრესტიჟულ მაღაზიაში გამოვფინეთ და დიდი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ჯერჯერობით მაინც საქართველოზე ვაკეთებთ აქცენტს, რამდენიმე ფილიალი გავხსენით მსხვილ სავაჭრო ცენტრში და ერთწლიანი გამოცდილების მიუხედავად, მაინც შევძელით სოლიდური გამოცდილების შეძენა და წარმატებული ბიზნესის წარმოება. მიხარია, რომ ჩვენს პროდუქციაზე უზარმაზარი მოთხოვნაა, რაც ბიზნესის გაფართოების საშუალებას გვაძლევს.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– სავარაუდოდ, გრანდიოზულ კონცერტს გავმართავ გაზაფხულზე, რომლითაც გარკვეულწილად შევაჯამებ ჩემს ხანგრძლივ კარიერას. მართალია, ჯერ ბევრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ცოცხალი კონცერტი იქნება ორკესტრის, უამრავი ქართველი და უცხოელი მუსიკოსის მონაწილეობით.
– რას ურჩევთ დამწყებ მუსიკოსებს?
– მოუსმინონ ხარისხიან მუსიკას და ბევრ კარგ სიმღერას.