LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ძალიან მიყვარს დედა, სწორედ ისაა ჩემი მთავარი მოტივატორი” – ნოდიკო ტატიშვილი პრემიერით ,,არტ-FM“-ში

10
nodikotatishviliartfmjl720

27 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ნოდიკო ტატიშვილი სტუმრობდა, რომელმაც პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და ახალი სიმღერა „მე ვოცნებობდი“ წარმოადგინა.

– ნოდიკო, რატომ გადაწყვიტეთ რემიქსის სწორედ ამ სიმღერაზე გაკეთება?

– „მე ვოცნებობდი“ მართლაც ძალიან პოპულარული სიმღერაა, ყველას მოსწონს და ხშირად მთხოვენ მის შესრულებას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მისი ახალი ვერსიის ჩაწერა და მივმართე გიგა პაპასკირს. ძალიან არ მიყვარს „გადამლაშება“, როცა რემიქსში ზედმეტად ბევრი ინსტრუმენტია ჩართული. ჩემი სიმღერა ყოველთვის მშვიდი იყო, ამიტომ რემიქსიც შესაბამისი უნდა ყოფილიყო. გიგამ ზუსტად გაიგო ჩემს სურვილები, გაიზიარა და ძალიან სადა, გემოვნებიანი ტრეკი შექმნა.

– როდის გეგმავთ ბათუმში კონცერტის მოწყობას?

– ბათუმში 31 ივლისს შევხვდები მსმენელს. შემდეგი კვირიდან კი, საქართველოს სხვა ქალაქებში გადავინაცვლებ. მიხარია, რომ პანდემიის მძიმე პერიოდი დავძლიეთ, რომელიც ყველაზე სტრესული სწორედ შემოქმედებისთვის აღმოჩნდა.

– როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო, როგორ ახერხებთ უამრავი თაყვანისმცემლის მოხიბვლას?

– ზოგს ვუყვარვარ, ზოგს ნაკლებად, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ყველას მოსწონს ჩემი შემოქმედება. მეტსაც გეტყვით, რამდენიმე ადამიანმა ისიც კი მითხრა, რომ რეალურ ცხოვრებაში ძალიან განვსხვავდები ეკრანული სახისგან, სადაც ზედმეტად ამბიციურად, თავმომწონედ გამოვიყურები. ძალიან განვიცადე და ბევრი ვინერვიულე, რადგან ძალიან არ მიყვარს თამაში. რა თქმა უნდა, ეკრანზე არასდროს მივცემ საკუთარ თავს იმის უფლებას, რასაც სახლში ვაკეთებ, მაგრამ ვფიქრობ ქცევით და ხასიათით დიდად არ განვსხვავდები, სამწუხაროდ, შორიდან ადამიანებს ხშირად ექმნებათ მცდარი წარმოდგენა, თუმცა ახლო ურთიერთობაში  ხვდებიან, რომ საერთოდ არ ვარ ამბიციური.

– თქვენს ვიდეოებში ხშირად ჩნდება დედა, როგორც ჩანს, მართლაც ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვთ მასთან?

– 27 წელია დედა სკოლაში მუშაობს. არაჩვეულებრივი პედაგოგია, ერთხელ მეც დავესწარი მის გაკვეთილს პირველი კლასელებთან. მომეჩვენა, თითქოს ზედმეტად თბილად ეპყრობოდა ბავშვებს და ძალიან ვიეჭვიანე. მართლა ძალიან მიყვარს დედა, სწორედ ისაა ჩემი მთავარი მოტივატორი. მართალია, ბავშვობაში სიმკაცრეს იჩენდა, მაგრამ ყოველთვის მზრუნველი და თბილი იყო. ვფიქრობ, სწორედ მისი დამსახურებაა ჩემი მოწესრიგებულობა და პასუხიმგებლობის განსაკუთრებული გრძნობა. ძალიან მიყვარს ოჯახთან ერთად დასვენება. მალე ყველა ერთად მივდივართ საირმეში და ძალიან ბედნიერი ვარ.

– რას შეცვლიდით საკუთარ ცხოვრებაში?

– ძალიან მადლიერი ვარ იმისა, რაც მაქვს. სასიამოვნოა, როცა შენს საქმიანობა ფასდება. საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ვგრძნობ თაყვანისმცემლების სიყვარულს და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ყველგან სახლში ვარ. ვფიქრობ, სწორედ ესაა ნამდვილი ბედნიერება, რომლის ჩანაცვლება არაფრით არ შეიძლება. შეცვლით კი, ადამიანების შეცვლას ვისურვებდი, მინდა უფრო ჰუმანურები იყვნენ და მეტი თანაგრძნობა ჰქონდეთ, რადგან დღეს მხოლოდ ძალადობას ვხედავ, რაც ძალიან მთრგუნავს.

– როგორ გრძნობთ თავს წამყვანის ამპლუაში, რამდენად მოგწონთ თავად შოუ „დიდი სცენა“?

– ძალიან არ მიყვარს, როცა ადამიანები ყველაფერს ერთდროულად ებღაუჭებიან. ზუსტად ვიცი, რა შემიძლია, რისი კეთება გამომდის კარგად და არასდროს ვეტანები ჩემთვის უცნობ სფეროებს. თუმცა, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა გადაცემის წაყვანის პირველი მცდელობა, ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი ახალ შეთავაზებასაც. რა თქმა უნდა, რთულია პირდაპირ ეთერში მუშაობა, მაგრამ ჩემი პარტნიორი მაკო კვიტაიშვილი – საოცრად ხალისიანი ადამიანი მეხმარება, რომელიც ყოველთვის ახერხებს პოზიტიური განწყობის შექმნას. ძალიან მომწონს თავად პროექტიც, რომელმაც წელს მართლაც არაჩვეულებრივ კონკურსანტებს მოუყარა თავი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები