LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მიყვარს ნიჭიერი ადამიანები და ნიჭიერი მუსიკოსები, ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს, რომ ვინმე ახალი გამოჩნდეს და ჩემს სიმღერაში მივაღებინო მონაწილეობა“ – ჯუმბერ ამანათაშვილი

16
ჯუმბერ-ამანათაშვილი

26 დეკემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის წინასაახალწლო გადაცემას „არის 2023“ ჯუმბერ ამანათაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს თამარ ივერთან თანამშრომლობით შექმნილი ახალი სიმღერა წარუდგინა.

როგორი იყო თქვენთვის 2022 წელი?

პირველ რიგში, მადლობა ღმერთს, რომ პანდემია დამთავრდა. უნდა დაიწყოს 2023 წელი და მე ამ წელს ყველა ხელოვანისთვის და შემოქმედი ადამიანისთვის „Start“-ის წელს დავარქმევდი. ვხედავთ, რომ უკვე ბევრი კონცერტები იმართება, გამოცოცხლდა ჩვენი სფერო. მე გაძლევთ პირობას, რომ იანვრიდან ახალი სიმღერების ჩაწერას შევუდგები, ახალ წლამდეც ვაპირებდი რამდენიმე ახალი სიმღერის ჩაწერას, მაგრამ სეზონური გრიპების გამო ვერ მოხერხდა.

რამდენად გამორჩეული დღესასწაულია თქვენთვის ახალი წელი?

ძალიან მიყვარს.

საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ…

რამდენიმე წლის წინ ეკა მამალაძემ ახალი მობილური მაჩუქა. მაშინ ისრაელიდან მქონდა ჩამოტანილი ძალიან კარგი მობილური, მაგრამ უკვე მოძველებული იყო და ეკამ სიურპრიზი გამიკეთა. იმდენად მოულოდნელი და სასიამოვნო იყო, რომ ეს ძალიან დამამახსოვრდა.

დუეტის ჩაწერას თუ გეგმავთ?

კი, აუცილებლად იქნება. მთელი კონცენტრაცია ახალი სიმღერების ჩაწერაზე მაქვს, ფონოგრამები უკვე მზად არის, მხოლოდ ხმის დადება დარჩა. გამოვა ორი სიმღერა, ერთი სოლო ნამუშევარი, მეორე რამდენიმე მომღერალთან ერთად. ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი, ვის მივაღებინო მონაწილეობა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ მონაწილეობა. მე ძალიან მიყვარს ნიჭიერი ადამიანები და ნიჭიერი მუსიკოსები, მე ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს ტელევიზიას და რადიოს, რომ  ვინმე ახალი გამოჩნდეს და თუ საჩემო იქნება, ჩავავლო ხელი, მოვიწვიო და ჩემს სიმღერაში მივაღებინო მონაწილეობა.

ვისაუბროთ სიმღერაზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს არის დუეტი თამარ ივერთან ერთად. რადიოში პირველად გაჟღერდება, თუმცა სატელევიზიო პრემიერა უკვე იყო და მიხარია, რომ ხალხმა ეს სიმღერა ძალიან პოზიტიურად მიიღო და მოიწონა. როცა გავიცანი თამარ ივერი, იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, აღფრთოვანებული ვიყავი. გარდა იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბის მომღერალია, არაჩვეულებრივი, მხიარული, გულწრფელი პიროვნებაა. ვიფიქრე, ვცადოთ ერთად ამ სიმღერის ჩაწერა, იქნებ, რამე გამოვიდეს-მეთქი. ლექსი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის. ბადრი ფილიშვილის სტუდიაში დამზადდა, არანჟირება გია მაჭარაშვილს ეკუთვნის.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები