LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მუსიკის პოპულარიზაცია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ” – კოტე კასრაძე და თეა მუქერია „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ დეტალებით „არტ-FM“-ში

417
კოტე კასრაძე & თეა მუქერია

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სიმფონიეტას“ დირექტორი კოტე კასრაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თეა მუქერია სტუმრობდნენ, რომელთაც პროექტზე „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებზე“ ისაუბრეს.

თეა მუქერია: რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მუსიკის პოპულარიზაცია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თათა ლიჩელს არაჩვეულებრივი პროექტისთვის, რომელიც სწორედ ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსმენელს არა მხოლოდ ძველი, არამედ თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებების მოსმენაც შეუძლია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის კულტურის სამინისტროს და თბილისის მერიას, ეროვნულ ბიბლიოთეკას და თელავის სამუსიკო სკოლას.

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ფარგლებში ორი კონცერტი უკვე ჩავატარეთ და კლასიკოსი კომპოზიტორების გია ყანჩის, ვაჟა აზარაშვილის, დიმიტრი არაყიშვილის, ანდრია ბალანჩივაძის და სხვათა ნაწარმოებები შევასრულეთ. გვქონდა ძალიან საინტერესო პრემიერაც, სიმფონიურმა ორკესტრმა პირველად შეასრულა ნინო ჯანჯღავას „ზღვარი“, რომლის წყალობით კიდევ ერთი ბრწყინვალე ნაწარმოები შეემატა ქართულ კლასიკურ მუსიკას. მიხარია, რომ ჩვენს ორკესტრს არა მხოლოდ შემადგენლობა, არამედ რეპერტუარიც ძალიან მრავალფეროვანი აქვს, რადგან ყველაფერს ვუკრავთ – უძველესი მუსიკით დაწყებული, თანამედროვეთი დასრულებული. ამასთანავე, ყოველთვის ორიგინალურ ვერსიას ვასრულებთ, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ავთენტურობა.

კოტე კასრაძე: მიხარია, რომ ჩვენს ორკესტრს ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით ხვდება პუბლიკა. რა თქმა უნდა, ამგვარი წარმატება თითოეული მუსიკოსის და ორკესტრის ხელმძღვანელის დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად. სხვათა შორის,  ჩვენს ინტერნაციონალურ ორკესტრში სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსები არიან, მაგალითად, კონტრაბასისტი ყაზახია, ალტისტი კი, ბელორუსი. მართალია, უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, მაგრამ კლასიკური მუსიკის შემსრულებლები ყოველთვის ნაკლებად არიან. იგივე პრობლემაა ევროპაშიც, თუმცა ბოლო დროს აზია გააქტიურდა, როგორც ჩანს, იქ უფრო ინტერესდებიან კლასიკური მუსიკით. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია თათას წამოწყება, რადგან რაც უფრო მეტი ბავშვი მოისმენს, მით უფრო მეტი დაინტერესდება კლასიკით და მოინდომებს მუსიკოსობას.

29 მაისს რუსთავში, სამუსიკო სკოლის მოსწავლეებთან ერთად გავმართავთ კონცერტს, მერე გერმანიაში გასტროლებისთვის მოვემზადებით, სადაც უკვე 15 წელია ვსტუმრობთ ფესტივალს, შემოდგომაზე კი, ბაროკო ფესტივალის მორიგ სეზონს გავხსნით თბილისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g