LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მრცხვენია, მაგრამ როცა ბაღში არიან უფრო ნაკლები გვეხარჯება – 30 ლარად შეძენილი ძვირიანი პროდუქტები

479
56425614_369212753703175_4393787909296095232_n

უკვე ორი თვეა სოციალურად დაუცველი ბავშვების ოჯახები გაზრდილ დახმარებას იღებენ. მიზანი ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

მდგომარეობა მართლაც გაუმჯობესდა, თუმცა პროგრამაში არის ხარვეზები, რომელთა გამოსწორება თავისუფლად შესაძლებელია – რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში.

ხარვეზებზე ჩვენთან თავად სოციალურად დაუცველები საუბრობენ. „ფორტუნა“ რამდენიმე ოჯახს დაუკავშირდა. ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ მარკეტები, სადაც ვაუჩერის „დახარჯვაა“ შესაძლებელი, ცუდადაა შერჩეული, რადგან მითითებულ მარკეტებში მაღალი ფასებია.

 

ერთი ბავშვით ხორცი, მეორეთი რძის პროდუქტები…

სამი ბავშვის კვების ვაუჩერი – ორი თვეა მარიამს მარკეტში ახალ საკითხებზე უწევს ფიქრი. რა იყიდოს ვაუჩერით შედარებით ძვირად და რა მოიტოვოს იაფფასიანი მარკეტებისთვის.

ბოლოს მან ასეთი გეგმა მოიფიქრა:

„ერთი ბავშვის ვაუჩერით ხორცის პროდუქტებს ვყიდულობ (ერთი კილო ფარში – 13.45 ლ და ერთი კილო საქონლის ხორცი 14.40 ლ). მეორე ბავშვის დახმარებით, რძის პროდუქტებს, ხოლო მესამე ბავშვის ვაუჩერით ბოსტნეულს“, – ამბობს ჩვენთან მარიამი, რომელიც სამი შვილის დედაა.

ამ საკვები ვაუჩერით ის ცდილობს ბავშვებს ისეთი პროდუქტები შეუძინოს, რასაც ყოველდღიურად ვერ იღებენ და მათი განვითარებისთვის აუცილებელია.

 „ჩაი და პური ყოველდღე გვაქვს და ვფიქრობ, როცა თვეში ერთხელ ირიცხება, შვილებს ხორციც და თევზიც ვაჭამო. რაიმე განსხვავებული საკვები შევიძინო, რომელიც ყოველდღე არ გვაქვს. ვერც გამოვზოგე თანხა, ერთ შესვლაზე დავხარჯე და რაღაცეების უკან დაბრუნებაც მომიწია. 90 ლარს რომ მივუახლოვდი, დანარჩენი პროდუქტები, რაც მქონდა, ყუთში ჩავტოვე“, – გვიყვება მარიამი.

ნაყიდი საკვები ძირითადად შაბათ-კვირისთვისაა გამიზნული, რადგან სხვა დღეებში ბავშვები ბაღში სადილობენ. ამ პირობებში ოჯახს საკვები ორი კვირა ჰყოფნის.

„შაბათ-კვირას იჭმევა საჭმელი. ძალიან მრცხვენია ხოლმე ამას რომ ვამბობ, მაგრამ როცა ბაღში არიან, უფრო ნაკლები გვეხარჯება. ის ორი დღე მინდა, რომ შვილებს ვაჭამო ხორცის პროდუქტები“, – ამბობს ის „ფორტუნასთან“ და ვარაუდობს, რომ მარკეტებში შეზღუდული რომ არ იყოს და ყველგან შეეძლოს ვაუჩერის განაღდება, საკვები უფრო დიდხანს ეყოფოდა.

 

ცნობისთვის, კვების ვაუჩერის განაღდება იმ მარკეტებშია შესაძლებელი, რომელიც ამ ჩამონათვალში მოხვდა. http://ssa.gov.ge/files/2019/File/03.04.2019.pdf


„ერთადერთი ცუდი ის არის, რომ მარკეტები ძალიან ცუდად არის შერჩეული. ამ მარკეტებში ხორცპროდუქტები ძალიან ძვირია. ან თუ შედარებით იაფია, არ გვეკუთვნის. მაგალითად, “ზღაპარში” ხორცი ვერ შევიძინე, იმიტომ რომ სხვა ქსელს შემოაქვს, რომელიც სოციალურზე არ გაიცემა. ამიტომ ორმაგ ფასად მიწევს პროდუქტების ყიდვა.

საკმაოდ დიდი განსხვავებაა საბაზისო პროდუქტებზე. მაგალითად, ახლა ზეთი ვერ ვიყიდე, რადგან ვიცი, რომ შემიძლია 12 ლარად შევიძინო, არადა მიწევს 18-19 ლარი გადავიხადო. ეს თანხა რომ ნებისმიერ მარკეტში ნაღდებოდეს, უფრო მეტ პროდუქტს შევიძენდი“, – ამბობს ჩვენთან მარიამი.

რადგან სოციალურად დაუცველი ვარ დაბანა არ მჭირდება?

„რამდენიც არ უნდა დამემატოს ყველაფერი მაინც საკვებზე მიდის“ – ამბობს „ფორტუნასთან“ კიდევ ერთი სოციალურად დაუცველი ბავშვების დედა.

მისი თქმით, მათთვის სხვა მეტი არაფერი არსებობს. ყოველდღიურად თავის გასატანად იბრძვიან, თუმცა ვერ იგებს ამ დამატებულ ვაუჩერში რატომ არ არის გათვალისწინებული ჰიგიენური და სარეცხი საშუალებები.

„რადგან სოციალურად დაუცველი ვარ დაბანა არ მჭირდება? ან ჭურჭლის გარეცხვა… კარგი იქნებოდა თუ ამ ვაუჩერის თავისუფლად გახარჯვის საშუალებას მოგვცემდნენ“, – ამბობს ჩვენთან ერთერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი, სადაც ორი ბავშვი იზრდება.

ის ამბობს, რომ მადლობელია იმ გაზრდილი დახმარების, რაც აქვთ, თუმცა არსებულის უფრო გონივრულად და თავისუფლად გამოყენების უფლება, უკეთესი იქნებოდა. “ფორტუნასთან” საუბარში მარიამის მსგავსად ანაც ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა ვაუჩერის განაღდების შესაძლებლობა ყველა მარკეტში მისცემოდა.

„ფორტუნასთან“ სოციალურ სააგენტოში განმარტავენ, რომ მარკეტები მხოლოდ ტექნიკური მიზეზის გამო შეირჩა.

„ამ მარკეტებში არის „ლიბერთი ბანკის“ აპარატები, მხოლოდ ამაზე იყო დამოკიდებული მარკეტების შერჩევა“, – აცხადებენ სოც. სააგენტოში „ფორტუნასთან“.

შესაბამისად, ძალიან მარტივი უნდა იყოს იმის მოგვარება, რაც მოსახლეობის ყველაზე ღატაკ ნაწილს ყოფას შეუმსუბუქებს…

ცნობისთვის, სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებში, სადაც 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება ყოველთვიური დანამატის ოდენობა გაიზარდა 50 ლარამდე, რომლის ფარგლებშიც 20 ლარი ფულადი ბენეფიტია, ხოლო 30 ლარი – კვების ვაუჩერი. დახმარებით 140 000-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვი სარგებლობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g