27 ოქტომბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემის „რადიო დუეტი“ სტუმარი მარიამ აბულაძე გახლდათ. სტუმარმა თავის შემოქმედებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „აისი“ პრემიერა შედგა.
მარიამ, მოგვიყევი შენს მუსიკალურ კარიერაზე.
3 წლიდან სულ ვმღერი, სულ მეღიღინება. იყო რაღაც პატარ-პატარა პაუზები, მაგრამ მაინც განვაახლე და აქტიურად დავიწყე მუშაობა.
როგორი ისტორია აქვს სიმღერას „ოქროსფერი ფერები“?
ეს სიმღერა პანდემიის პერიოდში დაიწერა. სულ ჩახუტება, მოფერება, კონტაქტი რომ გინდა და არ არის. ამ სიმღერით მინდოდა ყველასთვის მეთქვა, რომ მოვეფეროთ, ჩავეხუტოთ ერთმანეთს და შევიმოსოთ ამ ოქროსფერი ფერებით. ესე სიყვარულით იშვა ეს სიმღერა. მე მეკუთვნის მუსიკაც და ტექსტიც.
შენით შექმნილი რამდენი სიმღერა გაქვს?
სამი, ერთი, რომელიც უკვე ჩავწერე და ორი, რომელთა ჩაწერასაც ვაპირებ. ისინიც ასე სიყვარულით და ნათელი ფერებით არის დამუხტული. აქედან ორი პანდემიის პერიოდში დაიწერა. იმ პერიოდში იმდენად დეფიციტი იყო კონტაქტის და სიყვარულის, თან ყველა სახლში ვიყავით და ვერც ვმღეროდით და მინდოდა, რაღაც შემექმნა. გამეკეთებინა და ასე მოვეფერე ყველას.
რატომ გქონდა ამხელა პაუზა შენს კარიერაში?
მთელი რიგი მიზეზების გამო, მაგრამ მთავარია, რომ შედგა ახალი ნამუშევარი. ალბათ, ახლა იყო საჭირო.
ვისაუბროთ შენს ახალ სიმღერაზე, „აისი“.
სიმღერა ჩემმა მეგობარმა, მადონა ოლქიაშვილმა დაწერა. მას ისეთი მისტიკური და ლამაზი სიმღერები აქვს ხოლმე, რომ ვთხოვე, რამე ისეთი სიმღერა თუ გექნება, რომ მსმენელს მოვეფეროთ-მეთქი. მითხრა, ერთი კარგი სიმღერა მაქვს და მოგცემო. რომ წამიღიღინა, ძალიან პოზიტიური მესიჯი წავიკითხე ამ სიმღერაში და ვთქვი, ამას აუცილებლად ჩავწერ-მეთქი. სიმღერა „Z-studio“-ში ჩაიწერა.
როგორია სამომავლო გეგმები?
კიდევ რამდენიმე სიმღერის ჩაწერა იგეგმება. ერთ თვეში კიდევ ერთი სიმღერა გაჟღერდება.
მარიამ აბულაძე – აისი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მარიამ აბულაძე – ოქროსფერი ფერებით. Live
მარიამ აბულაძე. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები