19 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ოპერის მომღერალი ნინო მაჩაიძე სტუმრობდა, რომელიც იტალიიდან ჩაერთო პირდაპირ ეთერში.
– ნონო, რა სიტუაციაა იტალიაში და თავად როგორ გძნობთ თავს?
– ძალიან რთული პერიოდი გამოვიართეთ, განსაკუთრებით ლომბარდიის რეგიონში, მილანში იყო კრიტიკული სიტუაცია. უზარმაზარი ჯარიმები დაგვიწესეს, რადგან თავიდან ვერვინ აღიქვა სიტუაციის სიმძიმე და აკრძალვებსაც ნაკლები პასუხისმგებლობით შეხვდა, თუმცა საბოოლოდ მაინც ყველას მოუწია რელობის მიღება და შეზღუდვების გათვალისწინება. მე იმ პერიოდში ბელგიაში ვიყავი, სადაც მეტ-ნაკლები სიმშვიდე ნარჩუნდებოდა, თუმცა როცა ჩამოვედი, სრულად ვიგრძენი რამდენად სერიოზული საფრთხე გვემუქრებოდა. ოჯახთან ერთად თვითიზოლაცია გამოვაცხადე და ორი თვის მანძილზე მხოლოდ სამჯერ გავედით სახლიდან.
– რამდენადაც ვიცი, ძალიან კარგი კულინარი ბრძანდებით. ალბათ კარანტინის დროს უამრავი დრო გქონდათ ექსპერიმენტების ჩასატარებლად და ახალი კერძების მოსაფიქრებლად?
– სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო მანამდე ვერასდროს ვახერხებდი კერძების მომზადებას, მხოლოდ ხაჭაპურის გამოცხობა ვიცოდი და მეგობრებსაც ხშირად ვუმასპინძლდებოდი, თუმცა კარანტინის პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ძალიან კარგი მზარეული ვარ და სხვა კერძების მომზადებაც შესანიშნავად გამომდის, რითაც პირველ რიგში ჩემმა მეუღლემ გაიხარა, რადგან მანამდე მხოლოდ ის ზრუნავდა საკვების მომზადებაზე.
– კარანტინის პერიოდში ყველაზე მეტად ალბათ თქვენი შვილი იყო ბედნიერი, რადგან მთელ დროს მას უთმობდით…
– გეთანხმებით, ჩემმა შვილმა ყველაზე მეტად გაიხარა, რადგან მეც და ჩემს მეუღლესაც ხშირად გვიწევს სხვა ქვეყნებში გასტროლებით გამგზავრება, ახლა კი, მთელ დროს მასთან ვატარებდით. მართალია, ძალიან დავითრგუნეთ და ხშირად საშინელ განწყობაზე ვიყავით, მაგრამ მაქსიმალურად შევეცადეთ თვითიზოლაციის პერიოდი სასარგებლოდ გამოგვეყენებინა და პირველ რიგში ერთმანეთისთვის დაგვეთმო. სხვათა შორის, ძალიან მომწონს ჩემს შვილთან ერთად მეცადინეობა, რადგან მეც მასთან ერთად ვსწავლობ იტალიური ენის გრამატიკას.
– რამდენად მძიმე აღმოჩნდა შეზღვუდვები იტალიაში?
– საბედნიეროდ, რამდენიმე დღის წინ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, ახლა მხოლოდ სპორტული დარბაზებია დახურული, თუმცა ვფიქრობ, მალე ისიც გაიხსნება. ქუჩაში გასვლის, სეირნობის უფლება მოგვცეს, რამაც ყველა ძალიან გაახარა. ძალიან დაითრგუნნენ იტალიელები, ბევრს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, ამიტომ ყველა მოუთმენლად ელის ძველი ცხოვრებას დაბრუნებას.
– მართალია ოჯახთან ერთად ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ როგორ ახერხებთ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას?
– სამწუხაროდ, პანდემიამ ყველაზე დიდი ზარალი ჩვენ – ხელოვანებს მოგვაყენა, რადგან უამრავი კონტრაქტი გადაიხედა. სხვათა შორის, ბელგიაშიც გასტროლებით ვიყავი, თუმცა 12 საათით ადრე გაუქმდა სპექტაკლის პრემიერა.
– საქართველოში როდის გეგმავთ ჩამოსვლას?
– ყოველთვის სიამოვნებით ჩამოვდივარ საქართველოში, თუმცა დიდი ხნით ვერასდროს ვახერხებ დარჩენას. ჩვეულებრივ, მთელი წელი წინასწარ გვაქვს დაგეგმილი, ამიტომ როცა საქართველოში მიწვევენ, ყოველთვის დაკავებული ვარ.
– ამბობენ, თითქოს გასტროლებზე შვილიც ყოველთის თან მიგყავთ…
– სანამ სკოლაში წავიდოდა, მართლაც ყოველთვის ჩემთან ერთად მოგზაურობდა და პრაქტიკულად მთელი მსოფლიო შემოიარა.