რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერს კახაბერი სტუმრობდა. ეთერში კახაბერის და „ხანუმების“ ახალი, ძალიან საინტერესო და ენერგიული ნამუშევრის „მოდი, ერთად ვიცეკვოთ“ რადიო პრემიერა შედგა.
კახაბერ, ვისაუბროთ სიმღერაზე „მოდი, ერთად ვიცეკვოთ“. ვიცი, რომ ის სომხური ფოლკლორიდან არის. როგორ გაჩნდა ნამუშევრის იდეა?
დიახ, საიდან სად. ნამუშევარს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი ისტორია, როგორც ყველა კომპოზიციას. ზოგადად, ამ სიმღერას მღერის ქალბატონი, რომელიც ცნობილი ვარსკვლავია სომხეთში, ასევე არიან ძალიან ცნობილი სომეხი ფოლკლორის შემსრულებელი მუსიკოსები, რომლებიც უკრავენ ზურნაზე, დოლზე და ა.შ.
ჩვენ 5 ალბომი გვაქვს გამოშვებული, მათ შორის, ერთი არის მთავარი „ანიდან ჰაემდე“. გამოსულ ალბომებში სხვადასხვა თემატიკა, მიმდინარეობაა, ერთ-ერთი ალბომი ინტერნაციონალურია. უკვე დიდი ხანია, ცნობილია ბოშური სიმღერა, რომელიც აღნიშნულ ალბომში შედის, ასევე უკრაინული სიმღერა და „ჯუჯალარი“.
ეს სომხური სიმღერა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია და „ხანუმებმა“ ჩაწერეს იმისთვის, რომ ინტერნაციონალურ ალბომში შევიდეს. ეს სიმღერა, მისი არანჟირება იმდენად საინტერესო გამოვიდა, ვერ იტყვი, რომ კონკრეტულად რომელიმე ქვეყნის არის, უფრო მსოფლიო მუსიკაა. შემდეგ, გავაკეთეთ ქართულადაც იმისთვის, რომ რადიო ფორმატში, სატელევიზიო ფორმატში, საკონცერტო ფორმატში ჩამჯდარიყო და არ დაკარგულიყო. ძალიან სახალისო, გასართობი, საცეკვაო სიმღერაა, შეუძლია, რამდენიმე წუთით დაგავიწყოს პრობლემები. ძალიან თბილი და პოზიტიურია… ვფიქრობ, ზაფხულს ძალიან უხდება. პირველად „ბათუმობაზე“ გამოვიტანეთ და სასწაული ემოცია, სასწაული ენერგეტიკა ტრიალებდა.
მალე გამოვა ებრაული სიმღერაც.
ახლო მომავალში თუ გაქვთ დაგეგმილი კონცერტები?
საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვაქვს. ზაფხულში რამდენიმე შოუ გვექნება. ბათუმში, თვეში ერთხელ ჩატარდება „კახაბერის წვეულება“. ეს არის განსხვავებული საღამო, სადაც ჟღერდება ახალი სიმღერები, უკრავენ დიჯეებიც და ამიტომ საკონცერტო ფორმატი არ არის. თბილისშიც გვაქვს რამდენიმე დახურული კონცერტი.
კახაბერი და ხანუმები – მოდი, ერთად ვიცეკვოთ
გადაცემის ჩანაწერი