გუდაურში ზაფხულის სეზონისთვის ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი, – ამის შესახებ გუდაურში მდებარე სასტუმრო Quadrum-ის დამფუძნებელი ირაკლი ერისთავი აცხადებს. მან „ბიზნესპარტნიორთან“ ვრცლად ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებსაც ადგილზე ჩასული დამსვენებლები აწყდებიან.
ირაკლი ერისთავის თქმით, ტროტუარების არარსებობა, ნარჩენების გატანის პრობლემა, მცირე რაოდენობის კვების ობიექტები – ეს იმ პრობლემების ნაწილია, რაც გუდაურში ჩასულ ტურისტს დახვდება. „გუდაურში, ფაქტობრივად, არ არის ტროტუარები, რაც ტურისტს გადაადგილების დროს უსაფრთხოებას უზღუდავს და საფრთხეს უქმნის. ამ პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვანია. ძალიან საშიშია ისე დადიან სატვირთო მანქანები. ხალხს გასეირნება უნდა და ამის საშუალება არ არის,“- აცხადებს ერისთავი.
მისივე განმარტებით, პრობლემებია ნარჩენებთან დაკავშირებითაც, განსაკურებით დისკომფორტს სამშენებლო ნაგავი ქმნის. გარდა ამისა, გუდაურში კვებისა და გასართობი ობიექტების დეფიციტიცაა. „ზაფხულის სეზონზე ასეთი ობიექტები არის მხოლოდ იქ, სადაც სასტუმროები მუშაობენ“, – დასძენს Quadrum-ის დამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“.